ჩამქრალ ვარსკვლავთა მაძიებელნი
ნინო დარბაისელი ჩამქრალ ვარსკვლავთა მაძიებელნი (ჩემთაობელებს) კოსმოლოგები ირწმუნებიან, ზოგი ვარსკვლავი ისე შორსაა, ჩაქრა და მოკვდა რახანია, მისი ნათება ჩვენს ცაზე კი დიდხანს რჩებაო. რაღაც ჭიპლარი უხილავი გვაკავშირებს ვარსკვლავებს და ადამიანებს და კიდევ მეტი, ვარსკვლავია - თითოეული ადამიანი. ზოგი ჩამქრალად იბადება, ჩამქრალად კვდება, ზოგი - ბჟუტავს, ზოგი - კაშკაშებს და კვდომის მერეც უსასრულოდ ცაზე გვინათებს. ბითლზი, პრესლი და კიდევ სხვები, მუსიკალურ წარმოსახვათა ნახევარბინდში მელოდიურად მოხრიალენი, თუ იდუმალად მომღიმარნი ოთხკუთხა ყდიდან და არა მხოლოდ მომღერალნი, შორეულად მობუბუნენი მანიკურით დაწებებული ბაბინებიდან, კასეტებიდან, დისკებიდან, სადღაც ნათხოვარს ფაქიზი ნემსის დადებამდე ხავერდის ციცქნა ნაკუწებით სუნთქვაშეკრულნი ნაზად რომ ვწმენდდით და გვაბოდებდა; რომ გვინათებდა საბჭოური ყოფის წყვდიადებს. როგორ ვუსმენდით, ჯგუფურ ორგაზმში ჩავარდნილები! მერე ვიღაცა საიდუმლო ხმით მეათასედ გვიზიარებდა, იცით, ეგენი დაიშალნენ, აღარ არიან, ქალის ბრალია; ან პერედოზით გაიპარა, ან დაიღუპა კატასტროფაში და მერე ვიღაც ორეულით ჩაანაცვლეს, ეჭვი აქვთ, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის! ჩვენი ჭორები, (ან სიმართლეს ვინ გვაღირსებდა, სამოცდაათის დასასრულის, ოთხმოციანის დასაწყისის საბჭოთა ბავშვებს), ჩვენი მითები, შორ უცხოეთზე წარმოდგენებით დასახლებულნი! დღეს ყველაფერი ყველამ ვიცით, მოკვდნენ მითები, იმათ ადგილას სხვა, ახლები იბადებიან ელექტრონულნი, ვირტუალურნი, უბადლონი, მაგრამ ისინი ჩვენნი ვერასდროს გახდებიან, რადგან არიან ჩვენშემდგომის იმათშემდგომი და კიდე უფრო იმათშემდგომი თაობისანი, ვარსკვლავურ ომებს ჩვენ რას გავუგებთ, ხოლო თაობებს გვაკავშირებს შეუცნობელი, მარადი მითი, ცაზე რომ ზოგჯერ აკაშკაშდება და ისე დაბლა ჩამოიწევს, რომ გეგონება, ფეხისწვერებზე აწევაც კი გეყოფოდა ხელშესახებად და თუ არა ჩანს ზოგჯერ ხოლმე საავდრო ცაზე, მუდამ იგრძნობა, ისმის, მუდამ იგულისხმება. გუშინ ელვისის ერთადერთი ქალიშვილი გულით მომკვდარა… (ვიდრე გული არ გაჩერდება, ,, ვეჯიც” რომ იყოს, ადამიანს ცოცხალი ჰქვია). დღეს - ბითლზის დღეა. ჩვენთვის - დიდი, ჩვენთვის - ცოცხალი და ჩვენმომდევნო, ახლობელი ახლებისათვის - ტკბილი, თბილი და მშობლიური, როგორც უქმეში ჩვენთან დარჩენა, ჩახუტება, რამე ისეთი, წასასვლელად კართან მისულებს მუდამ რომ რჩებათ და რომ მივაწვდით, რომ წაიღებენ აღზრდისმიერი მადლიერებით იერსავსენი. მითი? რა მითი? არამითი? თავს-ღა ვიქცევ ახლა ამითი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი