ბიმატისტი - ნაბიჯმზომელი
ნინო დარბაისელი ბიმატისტი - ნაბიჯმზომელი პოეზიის გურმანებო, ამ ლექსს დააცხრით! მართლა დიდი ლექსია, სიახლე, არა იმდენად ზომით, ან ფორმით, არამედ თემატიკითა და სათქმელით სხვები - ამაოდ ნუ მოცდებით. სავსეა ადვილი ლექსებით აქაურობა, ჩემითაც და სხვისითაც. ნინო დარბაისელი ბიმატისტი - ნაბიჯმზომელი ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. ჩემი ხელობა - უძველესია და აჩქარებას ვერ ეგუება. ნაგრეხი ბაწრით წელზე შებმული ველური გოგრით - ცოტა წყალ-ღვინო, აბგაში- პურის ნატეხები და თევზი მშრალად გამოყვანილი, ცოტა მარილი, დაჩირებული ზეთისხილი, დანაც პატარა. თან სატარებლად - ნედლი - ხრწნადია, მშრალმა სარჩომ კი ქვეყნიერება შემომატარა. (სხვა კიდევ რა ვთქვა!) ორი კაჟის ქვა, ჩამოქნილი თაფლის სანთლები, ფეხზე - სანდლები; ძველი ტუნიკა და თავქვეშ - მკლავი, არაფერი - გულმოსაკლავი! ან მისაწოლი თუ დამჭირდა ან გამიავდრდა, რამეს ვიპოვი მარტო მავალი. თუ ცოტა გყოფნის - თავშესაფარი არის მრავალი. მრავალი მიცნობს, შემიფარებს ვინმე მათგანი, უხვთაგან უხვად აივსება ჩვენი აბგანი. უნდა ვიფრთხილო, არ ავრიო სიგრძე ან განი, თან განუყრელად დასაყრდენი დამაქვს არგანი. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. თუ ვინმე რამეს მოიპოვებს, ყველა მე მეძებს, მე ვარ პირველი, მივუყვები მტვრიანებს, ძეძვებს; ყველა მანძილი, ვიდრე კაცთაგან რამე ახალი დაიწყებოდეს, ყველა სასახლე, ყველა ოცნება - აგებამდე მე მელოდება, ყველა ბრძოლის წინ ვიდრე ჯარი განლაგდებოდეს, ჯერ მე მიშვებენ, დამორჩილებულ ქალაქებს შორის მანძილებიც, სადაც ორმოა, სადაც ლოდია, ეზო, მილია, ამ დაკოჟრილი, ამ დაკაწრული, ამ დახეთქილი, თხელი ტერფების გაზომილია. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. მხედართმთავრები ხომ სულ მელიან, თვით მეფეებიც, იმპერატორნი - მუდმივ ჭერსაც, მუდმივ სარჩოსაც კი მპირდებიან, ოღონდ დარჩიო. სად - რა ვარჩიო, ღამეზე დიდხანს გაჩერება - არ შემიძლია. ვიდრე დავდივარ, უსასრულოდ უნდა ვიარო, როგორ ვიქნები მე - უიარო, მერე, როდესმე დაუძლურებულს გამომხრავს მხეცი, თუ დროულად ვერ გავექეცი, ესა მაქვს ბოლო, არავითარი რამე წესი - სამგლოვიარო. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. ქალიც არ მინდა?! არ მიზიდავს მარჯვე ტანები?! არა, მეძავებს რახანია, არც ვეტანები, თავისუფალი ეუნუქი ვარ, დრო ისეთია, აუხდენელი ვნება - ილევა, სურვილი - წყდება, მაგრამ წესები - არ მავიწყდება: მეძავი თუ გსურს, ჯერ პატრონს უნდა გაურიგდე, გადაუხადო. და გეშინოდეს უპატრონო მეძავებისა, რაც ქვეყნად ხდება უბედურება, სულ უპატრონო, პატრონდაკარგულ, პატრონმკვდარ მეძავს მიეწერება. II ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი, ჩემს სისხლძარღვებში მიმოდის ყველა, ვისაც კი რამე ცხოვრებაში ჩემს გაჩენამდე გაუზომია. გაზომვადია ყველაფერი, მაგრამ არა ჩანს გაუწვრთნელი თვალისა და ნაბიჯისათვის გაზომვადია ყველაფერი! ყველაფერს ქვეყნად - სხვებისათვის უხილავი უძევს სამანი. უზომო ტკბობა არასოდეს არ არსებულა, არც წყალობაა უზომო და არც სიყვარულის, არც სიძულვილის უზომობისა დაიჯერება, არც სიფიცხე - მრისხანებისა… უბრალოდ, ზოგჯერ რაღაცეები ადამიანურ ზომას ოდნავ გადამეტებს და გამზომელი რაკი ახლოს არ ეგულებათ, უზომოაო, იჩემებენ, თავს იჯერებენ. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. გაზომვადია ყველაფერი: ერთი ბიჯია სიკეთიდან ბოროტებამდე, გარეწრობიდან გმირობამდეც - ერთი ბიჯია. ერთგულებასა და ღალატსაც ბიჯი აშორებს, თვით მწვერვალიდან უფსკრულამდეც ბიჯია ერთი, ღმერთთა წყალობას მათ რისხვამდე აშორებს ბიჯი. ერთი ბიჯი ჰყოფს ამა ქვეყნად ბრძენსა და სულელს; ზოგჯერ ნაბიჯიც ზედმეტია, მეტისმეტია. საკვირველია, ერთი ტერფიც თუ ჩამეტია. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი. გადამლახავი მანძილის შორის, ერთი ბიჯია თვით ზეცასა და მიწას შორის და არც კი არის რამ გამყოფი ქვეყნად ამ ორის. ერთი ბიჯია - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ბიმატისტი ვარ, ნაბიჯმზომელი, შენ, ვინც აქამდე გამომყევი, ვინც ამემგზავრე და მისმენდი, შენ ხარ რომელი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი