ბეჭდურად გამოუქვეყნებელი ლექსები (2015-2016)
ბეჭდურად გამოუქვეყნებელი ლექსები 2015-2016 ფეისბუქიდან და ურაკპარაკიდან ამოვკრიფე გაბნეულები. ახლა ვფიქრობ, გადავარჩიო და სადმე ორ ნაწილად გამოვაქვეყნო. დავთვალე და ზუსტად ორი თითოგვერდიანი პუბლიკაციის ზომა გამოდის. ვისაც არ გეზარებათ, თუ თვალს გადაავლებთ და შენიშვნებს და რჩევებს მომცემთ, უმნიშვნელოდაც რომ მოგეჩვენოთ, მაინც დამიწერეთ, ძალიან დამეხმარებით. ნინო დარბაისელი რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული, რამდენ ხანს გასძლებს, როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა. აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება, ,,მიუწექით! გაწვალდებითო", წასასვლელი კი არსადა აქვს. ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია. ან ეს ძალა მიზიდულობის, ეს მაგნიტი თუ ანდამატი სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა, თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში, ბრძენთაგან მარად მიუგნები, ამოუცნობი - ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი. რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს, შრება? ილევა? აივსება? რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე, ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს, ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს! იქნებ სიზმარში ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს: ხელჩაჭიდებას, იღლიისქვეშ თავშეფარებას, ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს, ხოლო ესენი, ღამის ქუჩას შეფარებულნი, ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან, ფრთებს ატოლებენ, რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ. ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის... აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა. ადამიანი თავის ფრთის ცალს თუ არ ეწია, აიწევა და ვერ ააღწევს, დაილეწება. (დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს, ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია). წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ! როგორ ეკვრიან! გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია! გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა და ყველა მდელო იყოს ლბილი, იყოს ნელთბილი, თორემ ეს ღამეც ჩაივლის და ეს სიყვარულიც ჩაივლის და სიტყვაც ჩაივლის და ღმერთმა იცის, რა გათენდება! ახლა, როცა ყველაფერი ჩავლილია - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - თავაწევით და ქუსლების პაკა-პუკით გავიხურე კარები და წავედი. ,,- დამეწევა? დავბრუნდები, მომთხოვს თუკი" - შევყოყმანდი რაღაც წამის წამედით. როცა ქალი ემზადება წასასვლელად, ვერ შეატყობს ვინმე ვერასდიდებით, ჩუმად იტანს, რაც სათქმელი არის ძნელად, მოიქცევა თბილად და მორიდებით, ხოლო კაცი ძველებურად თავს იჯერებს, ყველაფერი რიგით მიედინება. ქალს აქამდე რა აკავებს, რა აჩერებს, ვერც მიხვდება და არც ეცოდინება. რა იცოდი, გულუბრყვილოს გწერდი რითმებს, თითქოს შენთან მსურდა მე დაბუდება... ის, ვინც მუდამ და ყველაფერს უბრად ითმენს, მიდის უცებ და არასდროს ბრუნდება. მაგრამ ძალა, შენ რომელმაც გაგახევა, ანგელოზი იყო ჩემი მფარველი. არ ღირს ძველი წერილების გადახევა, ახალს მაინც არსაიდან არ ველი. ახლა, როცა მოგონებაც დაიბინდა, აღარა ვარ უკვე მორიდებული: ჩვენს სიყვარულს შენი სიტყვა უშველიდა, ერთი სიტყვა, თუნდაც შორისდებული! რა უნდა შენი ამბის გაგებას - - - - - - - - - - - - - - - - - - - - რა უნდა შენი ამბის გაგებას! - ხმის ამოღება ერთი, მაგრამ მაჩერებს შიში ფარული, შენს ხსენებას რომ ერთვის. ბედნიერების სიდიდეს გულში ასე ვზომავდი დღემდე, ამწამს რომ გაჩნდეს, დავთმობ ყველაფერს? მინდა, მდევდეს და ვდევდე? სადა ხარ ახლა? ... იქნებ აღარც ხარ, მე კი ცოცხლებში გთვლიდი, მეგონა, მაინც არ გაგწირავდა წუთისოფელი ფლიდი. მე - მაშინ მოვკვდი, როცა დავშორდით ბედისგან ნამზაკვარი. ჩემს ნაწერებში დარჩეს ქარაგმად იმ სიყვარულის კვალი! ცაცხვი - - - - - - სად ნაკადული მოედინება და ბალახს უყვარს აბიბინება, ამ გაზაფხულზე ჩემო დარგულო ხეო, დობილად მინდა მიგულო. ჩემსავით ვინმე შემოგევლება? ბევრი არ გინდა, - ხელის შევლება და თუ უფალმა ასე ინება, მთელს არემარეს მოეფინება შენი სურნელი, შენი მშვენება, მე რომ მოვკვდები, რა გეშველება! ... -დღეები უდგას რადგან სადაგი, ვიდრე მიიღებს ეს ნიადაგი, დობილი ისე მყავს მონდობილი, მომელის მუდამ გარინდებული, მაგრამ ეს ტანი რომ დაიჭიროს, ჩემში რას ნახავს მალე საჭიროს. თითქოს ვიღაცის ვარ გადამრჩენი, მიზეზს დავეძებ ცოცხლად დარჩენის. მკვდარმა ინაღვლოს თავისი, შვილო, მოინახება ცოცხლის საშველი! ვის გაეგება - - - - - - - - ვინ იცის, ვის გაეგება, ან ვის ანაღვლებს ახლა, როგორი ნიშნისმოგება და სინანული ახლავს, - გამოცოცხლდება და როცა მიხვდება, აღარც ელი, ახალ სიყვარულს გილოცავს - შეყვარებული ძველი. საქანელა - - - - - - - - ტბის ნაპირად, ბინდისპირზე სეირნობდა ტბის პოეტი. მაღალ ხეზე საქანელა ჩამობმული იყო ერთი, საქანელა - სულ იოლი - ორი თოკი და ფიცარი. ქანაობდა საქანელა, ირწეოდა საფიცარი ქალი. ბოლო ფრიალებდა კაბის მაქმანებიანის და ჰაერში კაბის სრიალს სდევდა მზერა ვნებიანი. წამოვიდა უცებ წვიმა და ქალს კაბა დაუსველა, ქალი კაბამოტმასნილი პოეტს მკერდზე მიესვენა... და ურჩევდა პოეტს ყველა: -ვუწყით ვუწყით, განა ბნელა, სნეულია, სტანჯავს ხველა, თანაც, შენი საფიცარი - - ორჯერ ნაქმარევიც არის... გაქრა ქალი, ვინც პოეტის წარმოსახვა ასურნელა, გაიყოლა თან ნათელი, პოეტს გული დაუბნელა. საქანელა?! ცარიელი ირწეოდა ნელა, ნელა -ნელა, ნელა- ნელა, მერე უფრო შეანელა, ისევ ნელა- ნელა- ნელა და გაჩერდა საქანელა. არც პოეტი აღარ არის, აღარ არის საქანელა, და ტბის გულზე ბადრი მთვარე მიირწევა ნელა-ნელა. ანგელოზები - მარეკები - - - - - - - - - - - - - - - საითაც ხელი გავიწვდინე - წკეპლამ ამიწვა, საითაც ბიჯი გადავადგი - ამიცდა ფეხი, რაც სიტყვა ვცადე - ხმა ჩამიწყდა, რაც კი ხე დავრგე - ქარმა სახეში შემომატეხა. თვალწინ მეწოდა ხიდები და ყოველ ნაბიჯზე ახალი ნაღმი ფეთქდებოდა, ელავდა მეხი, მე დავენარცხე და არც მიცდია წამოწევა დაღლილს და დაცლილს, ვიდრე უეცრად მოფარხალე ფრთა არ შემეხო. მე რა ვიცოდი, რომ არსებობენ ანგელოზთა შორის ასეთნი: ანგელოზები - მარეკები! შენ ღმერთს მოუხმობ, გულხელდაკრეფილ მფარველ ანგელოზს ებუტბუტები, ხოლო ისინი ჩაბერავენ ღვთიურ საყვირებს და შეშინებულს გულმოდგინედ გზას გიკრავენ ამ ცხოვრების უღრანებში ყოველი მხრიდან, რომ იმ ერთადერთ, იმ საშენო გზაზე შეგაგდონ... იქ, სანადირო ტყე-ჭალებში, დილაადრიან, საყვირის ხმაზე ვიწროვდება ირგვლივ რკალი და აღარსადაა აქვთ გასაქცევი დამფრთხალ ნადირებს. და ერთადერთი მხარე რჩება, იმ ერთადერთშიც ჩასაფრებული ამალაა მეფისა, ხოლო თვით მბრძანებელი სამიზნიდან სუნთქვაშეკრული თვალმოჭუტვით არეს გაჰყურებს. კიდევ ცოტაც და დაიჭექებს, და ითქრიალებს ცხელი სისხლი ჩემი მკერდიდან ან ფერდიდან ... მაგრამ მე უკვე გავიხლართე ეკალ-ბარდებში, და განწირული ბოლო ხმაზე მშველელს ვუხმობდი, თოფი გადადო ხელმწიფემ და ცოცხალი ვგდივარ, მისი გრძნეული, მოალერსე თითებისთვის ყელ-ყური ნდობით მაქვს მიშვერილი და თვალებს ვლულავ და მინდა, ვიყო ამიერიდან ნადავლთა შორის უნადავლესი, და დავილიო ჩემი მეფისთვის. მომინადირა მეფემ ცოცხლად - - აი ლეგენდა. ამ ნეტარებას გული როგორ წარმოიდგენდა. ანგელოზებო - მარეკებო, მადლობა თქვენდა! კიდევ კარგი - - - - - - - - კიდევ კარგი, ყველაფერი ჩაწყნარდა, ჩაცხრა გული, ვნება გადაქარდა! როგორც იქნა, წარმოდგენა დამთავრდა, როგორც იქნა, ჩამოეშვა ფარდა! არაფერი გვრჩება მოსაგონარი, სურათის და ბარათების გარდა. აღტაცება ჩვენი - გაუგონარი დიდ სიყვარულს მართლა როგორ ჰგავდა! პაემანი პირველი - - - - - - - - - - ,,-დედის საძინებლიდან მოპარული ჩრდილები, ტუში, პუდრა-კომპაქტი... აღარ ვემორჩილები გაფრთხილებას, არ ვახლო ხელი მისას არაფერს. მაკიაჟი მისვია, ვატრიალებ ხელში ფენს, აპრეხილ წამწამებზე ვინმე ნოხებს დამაფენს, ასეთი მოუქნელი ქვეყნად მე რამ დამბადა, არ მერგება არცერთი არჩეული კაბა და რომ გაწვიმდეს, რაღა ვქნა, თან წავიღო ლაბადა? მაგრამ თუკი დაცხება? მიცემს გული, არ ცხრება. აღარც თმა მევარცხნება, ეს არის დამარცხება! რაზე ველაპარაკო? რას მეტყვის საიმედოს? რა ვუშველო ამ ალმურს, სახეზე რომ მომედოს? მაკიაჟი მიშველის, მე, მორცხვსა და მომრიდეს? და რომ დავაგვიანო, ანდაც სულ არ მოვიდეს? მიხტის მუხლი მიმავალს, ახლა ვდარდობ ამაზე - წუხელ მასტად ამოსულ ვალეტსა და დამაზე... ღმერთო, ერთი საათით, რაღაც, ერთი საათით, რაა შენთვის, მომხედე, ოღონდ გამალამაზე!" საუკუნე გავიდა ჩემი ნაამბობიდან. შუა გზიდან დავბრუნდი, რაღაც აღარ მომინდა, არც კი ვიცი, თუ იყო ჩემი ნახვის მდომი და მართლა მელოდებოდა, იქნებ არც ის მოვიდა? მებადურული - - - - - - - - - - - ქეჯნაო, როდემდე უნდა მდევდე, ფიქრებს მიშფოთებდე და მირევდე! წაველ დარდიანი, გზას მივენდე, და გზამ მიმიყვანა მდინარემდე. ბადეს დასცქეროდა მებადური, იერი ჰქონდა მედიდური. მიველ და ვუამბე სატკივარი, ბედისა წამომცდა საყვედური. -ნუ ხარო ცხოვრების უმადური და ნუღარც ნურავის ნუ ემდური, ჯობია, იყოო ბედნიერი, ვიდრე მართალი და უბედური. ობლური - - - - - რაც თავი მახსოვს, გეძებდი, სად იყავ აქამდინაო? ნიადაგ შენს მოლოდინში რაც ცრემლი დამედინაო, მდინარედ გაიშლებოდა ჩემიდან - შენამდინაო. რად არ მოხველი საშველად, ნეტაი მაცოდინაო. დამაბეჩავა ობლობამ მსწრაფი სამამაცოდაო, არც შენ გამოჩნდი აქამდე, არც არავინ შემიცოდაო, თუ სიხარული მელოდა, ამ გულმა რა იცოდაო. ახლა ნუ მოხვალ სიკვდილო, მეც დამაცალე ცოტაო! ნუღარ - - - - - - - - განშორების პირველი დღეებია მძიმე, უფრო - გაგიჭირდება ღამე რამდენიმე. მთავარია, არ დარჩე შენს ფიქრებთან მარტო, გარეთ უნდა გახვიდე, მხრებში გაიმართო, ფეხით უნდა იარო და ხეები თვალო, ცას ახედო, მოკითხვა მთვარეს შეუთვალო, ანდა დღისით საყიდლებს ჩამოუყვე სადმე, ვერ მოილევ სანახავს დღეით მერმისამდე. თავს უშველე, დანაკარგს ვერ უშველი ახლა. სიბრიყვეა თოკი ან გულში ტყვიის დახლა. გეყო, წყალი შეისხი, დაცემული ნუ ხარ, დარდს ნუ ეთელინები, ნუღარ, ნუღარ, ნუღარ! არც არაფერი გწყინს - - - - - - - - - - - - მისია - გულის ბილიკი, მწარეს არიდებ, ტკბილი კი არ გენანება არასდროს, სულ საიმისოდ გსურს. ერთმანეთს ელაციცებით, არა გაქვთ დასაფიცები და გასავალი არა აქვს სიხარბესა და შურს, მაგრამ თანდათან დრო გადის და კერძოსი და ზოგადის გარჩევა ხდება საჭირო და ვერ ეხსნებით ჭირს. უფერულდება ყოფა და გულები გაიყოფა და რა რჩება? ზოგჯერ მოკითხვა?! მეტი ფასი აქვს ჩირს. არც გული არ იდაგება, აღარც ძნელია გაგება, აღარც მოელით ერთმანეთს, ვით ჭინჭველა - რწყილს და განშორება იწყება, იწყება გადავიწყება, როცა მიხვდები - იმისგან არც არაფერი გწყინს. სიყვარული?! - - - - - - - - - მითხარიო. სიყვარულის რა გითხრა, სიბრძნეს მისას არ სჭირდება დიდი თხრა. დასაწყისი - მუდამ მშვენიერია, მერე - ლხინში ცრემლი ჩვენი ერია. დასასრული - ელის, რომაც არ გსურდეს. რაც იწყება, კიდეც უნდა დასრულდეს. განშორებით - გული დაისრულია. რჩები მარტო და უმწეო სრულიად. სიკვდილია - ოღონდ ცოცხლად სიკვდილი, ანუ სუნთქავ, მაგრამ ცნობამიხდილი. დიდ სიყვარულს - მოსდევს დიდი ვაება. ორის ნატვრა - ერთად დასაფლავება. სიტყვებია - გულის მწარედ მკვნესარის, მაგრამ რა ვქნა, სულ რაც არის, ეს არის! ბაბუაწვერა - - - - - - - - - მორევებმა ჩაიხვია სიყვარულის დინება. ნუთუ უკვე ამაოა ჩემი მოწადინება. განა მართლა მეღიმება, მაგრამ ახლა ღიმილი მშველის ძლიერ, რომ დავძლიო უხერხული დუმილი. გიკვირს ალბათ და ვერ ხვდები - შენი ბრაზი მებევრა და ქარიშხლად თავს დამატყდა ერთი სულის შებერვა. ამ პატარა ლექსმა გითხრას, მე გითხარი რაც ვერა: - სულის ერთი შებერვა და ქრება ბაბუაწვერა. ვერ გავუძლებ ამ სიცივეს და მეც ასე გავქრები, მაგრამ რა ვქნა, რომ დაგტოვო, მარტო მიინამქრები. ნეტა იმ დროს, სიყვარულით სული რომ იტაძრება! ძნელი, მაგრამ საჭიროა - ზოგჯერ ერთად გაძლება. გავითამაშოთ! - - - - - - - - - გინდა? - გავითამაშოთ ყველაფერი ახლიდან, გვეყო სინანულები და ბოდიშის მოხდა! ისევ მოვინახულოთ ჩვენი ჩუმი სახლი და გავიხსენოთ ყოველი,, რაც აქამდე მოხდა: იყოს შემოგებება, აღტაცება შეხვედრით, აღტაცება შეხებით, აღტაცება სრული! ის დღეც გავითამაშოთ, ღრმა წყალში რომ შეხვედი, არ ჩანდი და გელოდი შიშით დაისრული. ასე, თამაში-თამაშით გუშინდლამდე მოვიდეთ, ხოლო დღე გუშინდელი გავატანოთ ქარებს, ეს არ უნდა მოგვსვლოდა განსაცდელის მომრიდეთ! თითქოს იყოს საათი, გული მიქანქარებს. გინდა? - ვისხდეთ უჩუმრად, ვისხდეთ მთელი საღამო, ზოგჯერ ამოვიხვნეშოთ, გავიღიმოთ შვებით, ერთ წერტილში მზირალი თვალი დავახამხამოთ. დარდი არ მოგვეშვება, თუ არ მოვეშვებით! როგორ წამოგვეწია ბედის მზერა მზაკვარი! ირგვლივ - გაუგებრობის ქსელს ობობა აბამს. დასაწყისი - თითქოს-და არის სხვადასხვაგვარი, დასასრული - ერთი აქვს სიყვარულის ამბავს. მგონი - - - - - გთხოვთ, დედაჩემთან არ გამთქვათ და, მგონი, დაბერდა. უჭირს გარჩევა სახეთა და ხმათა და ფერთა. ეგ არაფერი, მაგრამ რაღაც დარდიც დასჩემდა, ბოლო დროს იქცა განუწყვეტელ საფიქრად ჩვენდა. ამას წინათ კი ცოტა თავიც მოიმკვდარუნა, შვილები როგორ შეგვაშინა, კითხვა არ უნდა. თქვა, მოვიფიქრე, რაც უშველის სატკივარს ჩემსო, წამალი ვიცი, მომაკვდავსაც რომ მომარჩენსო, ყველანი სახლებს გავყიდით და ვიყიდით მიწას,- - (ოცნების სხივმა გაუელვა თვალებში იმწამს) - - სახლს ავაშენებთ საზიაროს, ოღონდაც ოთხი კარი ექნება - ყველა მხრიდან, დარი სამოთხის გვექნება ყოფა, სულ თანაბრად თუ გაიყოფა ეზო-კარი და სიკვდილამდე ლხინად მეყოფა, მთელ ჩემს მონაგარს იქ, ერთჭერქვეშ ვიხილავ როცა, ვიტყვი, დედა ვარ ბედნიერი, ამიხდა ლოცვა. აღარ დამრჩება გულში დარდის მეათასედიც, აბა, მითხარით, ვის უნახავს ბუდე ასეთი! (თითქოს გამჩენმა საზრუნავი გამოულია, მიწის საძებნად თურმე ამის გამო უვლია). მაღალ ბალიშზე - თმა, გულდაგულ ანაფუარი, მაქმანიანი გულისპირი ლურჯ პენუარის... რა ქნა, როგორ ქნა! როგორ უთხრა დედას უარი, თან, მით უმეტეს, მწოლიარე შენ წინ თუ არის! მივუგე:- არის ქვეყნად უკვე ერთი ადგილი, სადაც ყველანი ვეტევით და არის ადვილი მიგნება მუდამ, განა მართლა დაკარგულია, და ეს ადგილი სანეტარო - დედის გულია! ვისთან რაღა მაქვს საერთო - - - - - - - - - - - - - -- - მინდა წავშალო წარსული უიღბლო და დათარსული - ვითომჩავლილი ტკივილი აქ მერევა და აქ მრევს. - გადავივიწყო ყოველი, კაცი არის თუ ცხოველი, ყველა სიკეთე ვუსურვო ყოფილ საქმროს თუ ნაქმრევს, მაგრამ ერთი რამ მაწვალებს, ვხედავ ცრემლმძიმე წამწამებს. სხვა ყველა გადატანილი - ფერმკრთალია და ბაცი. ღმერთო, არასდროს მაჩვენო, აღარასოდეს მაჩვენო სასოწარკვეთის წუთებში ატირებული კაცი! ვისთან რაღა მაქვს საერთო, რაღას ვჩხრეკ იმერ-ამერთო, დარდზე რა დარდი დამერთო, სჯობს, სხვა ფიქრს გადავერთო, ვინეტარო და გავერთო, სხვისთვის ვენთო და ვიღვენთო, თუ ცოცხალია, უშველე, მკვდარი - შეინდე, ღმერთო! ისე, ცოცხალი მქვია - - - - - - - - - - - - როგორ დავმალო ნაღველი, "იყუჩე, არა თქვაო", ასფუთიანო ტკივილო, გული რით გავიქვავო! თავქვე რბის ცრემლის მდინარე, ქვეს იქით -კიდევ ქვეა. რა შორი არის აწმყო და წარსული - რა აქვეა! ერთი უცნობი მოგგავდა, ღიმილი მომაფრქვია... შენი ხელიდან - მკვდარი ვარ, ისე, ცოცხალი მქვია. კუშტი ანგელოზი - - - - - - - - - არცერთი არ ამცდა, ვინც რა დამიმიზნა. შიგ გულში მახლიდა. აღარც კი მეგონა, ვინმე შედგებოდა და მახვილს დახრიდა. რამდენჯერ დავეცი, რამდენჯერ დაშლილი ავეწყვე ახლიდან! სხვა ძალი რა მქონდა, კუშტი ანგელოზი მომდევდა სახრითა. მაღალ ქედს მივადექ, დაღლილმა ვიპოვე მე უფლის სახლი და გგონია, ვქედმაღლობ? უბრალოდ, ჩემ თავსვე დავცქერი მაღლიდან. ქარმა ნოემბრის წვიმა - - - - - - - - - - ქარმა ნოემბრის წვიმა ფოთლებში გააჯერა. შენგან შეყრილი ჯავრი არ დამლევია ჯერა. ძალიან დამტანჯე, რა, ძალიან დამსაჯე, რა, უცებ, ღიმილით მკითხე: ,,- სიყვარულისა გჯერა?" დალოცვილ იყოს, ვინაც გული ერთს შეაჯერა! შენი აღარ მწამს, თორემ სიყვარულისა - მჯერა! არაფერი - - - - - - არაფერი! მოვედი და მოგიკითხე. შენი კუთხე ვინახულე ისევ. ვერ ვიცანი, შენი სახლი რომელია, ამერია გზა და დარდი მომერია. რა დავმალო, ცოტაც ვიხალისე. ამ ბოლო დროს დედაშენი მესიმრება. ეცრემლება თვალი მონაშუქი. მიხსნის, როგორ გაგიფრთხილდე, მოგიარო, მერე რაღაც სათამაშოს მჩუქნის... და რა უფრო სიზმარია, აღარ ვიცი, ანდა უფრო ცოცხალი ვარ როდის: ცხადში - ვიძენ მეგობრებს და ისევ ვკრგავ, ძილში - ყველა დაკარგული მოდის. არაფერს - - - - - იჭექებს თოფი და ირემი ქორბუდა მოსწყდება ქარაფებს. რას ვიგრძნობ? არაფერს. დაბერავს ქარი და ათასფრად დანაფერს ფოთლებს ზედ დამაფენს. რას ვიგრძნობ? არაფერს. ვინც ნახავს ამ საფლავს, გამვლეთა დამზაფრავს, ჟამის ნაალაფევს, დავხედავ ღიმილით. არავის არასდროს არ ვეტყვი არაფერს. არაფრები - - - - - - - ლხინია და ყველა თვრება, ცვივიან ტანსაფრები. ნეტა ახლა გავქრებოდე, ასე რად ვიზაფრები! ქარაშოტის გააფთრება, აფრენილი აფრები... უნდა მეარაფრებოდე, ფიქრში ჩანასაფრები, მაგრამ გული რად ფრიალებს, ალებს რატომ აბრიალებს? რად არ მეარაფრები, რად არ მეარაფრები! საშობაო სამზადისი - - - - - - - - - - - - მხიარული ხმები ისმის საშობაო სამზადისის. ინაყება დასანაყი. უკვე მზად გვაქვს გოზინაყი. და გოზინაყს ნიამ ჩუმად მოაციცქნა ერთი გვერდი, თან თავის თავს უჩურჩულა: - ასე ტკბილად დამიბერდი! ოკლაჰომა - - - - - (ჯენის ტოლდენს) ოკლაჰომაში მოგზაურს სანახაობა აოცებს, ისეთი წარწერებია ცხენების სასაფლაოზე: ,,- ვიცოდი, არ შემარჩენდა შენს თავს სიკვდილი მსუნაგი. შენთანვე ვმარხავ, იზაბელ, შენს ლაგამსა და უნაგირს. -აქ განისვენებს ლედი. უნდობარია ბედი. - შენ შეიწყალე, უფალო, ჩემი გაზრდილი ბუფალო! - ვაი, შენ, ჩემო რობილა, რომ ვეღარ უნდა ქროდეო, საბედისწერო ყოფილა ეს წლევანდელი როდეო. - არ მეთმობოდი ცოცხალი, არც მკვდარი არ მეთმობი. მობინადრე ხარ საფლავის. მობი, მშვიდობით, მობი!'' ამ აყვავებულ ბაღნარში წევს კვიცი თუ სახედარი. სად განისვენებს, ვის ახსოვს ახლა ამათი მხედარი. ვინ - შეიწირა როდეომ და ვინ - ბრმა ტყვიამ მოკლა. ეს დასავლეთი, ველური, ოო, ოკლაჰომა, ოკლა! დავედევნები ცრემლებით ჩქარი ღრუბლების ფარას. მანდამდე როგორ მოვაღწევ, ქარები გადამქარავს, მაგრამ იქნება ვუწიო ზეცაში უფლის კარავს. მე, დამტირებელს უცხოთა, უფალი დამიფარავს! სალტო --------- ო, მოყინულზე მოცურება - მცოდნია სალტო. შემოსასვლელში დნება შენი ქუდი და პალტო. ისე მოთოვა, შეგვატოვა ერთმანეთს მარტო და გაყინული ეს გრძნობები ცეცხლმა დაალტო. როგორ გადასცდა არემარეს გულების ფეთქვა! ერთმანეთისთვის, იქნებ სჯობდა, გულწრფელად გვეთქვა რა დაგვემართა, როგორ უცებ გავხდით თავნება და მერე როგორ მიილია, დანელდა ვნება. დღეიდან დღეის დავიწყებას უნდა მოვუნდე. მიმოვასწორო ერთიანად წრფელი და მრუდე. აღარ მოგვინდეს ერთმანეთის ისევ დანახვა! შეწყდება ბარდნა და ტრიალი, რა - დღეს და რა - ხვალ. ამ ხელსახოცზე მინაწერით თავს ვიქცევ ახლა. ესღა დარჩება სახსოვარი, ახლა თუ წახვალ. ახლა თუ წახვალ, აღარასდროს აღარ დაბრუნდე! აღარ დაბრუნდე არასოდეს, ახლა თუ წახვალ! ფეისბუქური ------------ დრო რა მწარე წამალია, ვიცით ორმა. სიმწარეში ოდნავ სიტკბოც ურევია. სხვა რაღა თქვას ამ ცხოვრების ვიზიტორმა, ეს წამალი მართლა თუ დაულევია. ხედავ, ბედმა ბოლოს როგორ შეგვახვედრა ღელვის მერე კენტად გამორიყულები? ,, - მიხარია ,, ფეისბუქზე" როცა გხედავ. ამ სურათში კარგად გამოიყურები." აღარაფერი - - - - - - - ვუთხარი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. თავიდან - შეცბა. ვერ ეშვება ეს კაცი ვნებას! აღარაფერი მაქვს გულიდან ამოსახეთქი. სასაცილოა, ახლა ცდილობს ჩემს გაცინებას. დიდი დაცხომა-აციება-გამყინვარება, გადატანილი გრიგალები მალის-მალები წარსულს ებაროს. ძველი უკვე არ მეყვარება, ახალ სიყვარულს - ცხრა მთას იქით დავემალები. მართალი - - - - - - სიყვარული არის ომი, ჩვენ - ნიადაგ ომის მდომი. ომს სიცოცხლე ბალახივით უცელია. ვაი! - ომში დამარცხებულს, ვუი! - ვინაც გაიმარჯვა. ბოლოს ყველას მარტოობა უწერია. დღე ილევა ნაელავი, ნამეხარი, ცეცხლში ბოლავს ზეცის ფარჩა- ფართალი. მე აქამდე ყველაფერი არ გითხარი; რაც გითხარი, იქიდანაც ყველაფერი არ ყოფილა მართალი. რა ვიცოდი, ეს სანგარი თუ სამარედ გავითხარე. უღელს მარტო ვეწეოდი, ვით ხარი. ვიდრე დროა, მაპატიე, რაც აქამდე ვერ გითხარი, მაპატიე, რაც აქამდე გითხარი! სხვა ქალი - - - - - - ,,ცხოვრება უნდა იყოს აწყობილი"-... ქმარი მარიგებდა აწ ყოფილი - ,,ცივ-ცივი ღვინო, საღიღინო და მზად მაცივარში - ხინკლის ფარში. სუფრა - ხელდახელ გაწყობილი. არ აკლდეს შემწვარი და დაცხობილი! იყავ ბედნიერი! გაგასაღე, დაგატოვებინე სატუსაღე." მიკვირდა, ,,ეს - რანაირია!'' მერე ერთიანად აირია. მერე რაც იყო, ზღაპარია. ნამყოს - შავი მიწა აფარია. გავიგე, ცხოვრება რაც ყოფილა, ვნება და ნება როგორც დაყოფილა, ვიცი, სახმარად ვარგა დაწყობილი, სხვა ქალად ვარ გადაწყობილი, რაღამ გამახსენა აწ ყოფილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი