სბირები


ნინო დარბაისელი

სბირები*

ჩეზარე,
ჩეზარე,
ჩეზარე ბორჯია,
შენი საწამლავი  -  მეფობის
ბურჯია
და მტერი ნაჩხვლეტი მაგ შხამით - ლურჯია,
თუ შენი ურჩია?
თქვეს,
მაკიაველმაც  - ბევრი რამ  ურჩია.

სბირები,
სბირები -
შენი მსახურები,
განა უბირები,
რბიან  ოქროულით გადანაბირები -
ყველგან დაგიდიან  გაწვრთნილი პირები,
მადაგახსნილები უხვი დაპირებით,
შხამის ნემსს  უჩხვლეტენ,
სიკვდილს  აპარებენ ღიმილგადაკრული ტუჩის ნაპირები,
არაფრად სჭირდებათ  დაშნა-რაპირები,
და კლავენენ,
ჩეზარე,
ვისაც  მოისურვებ
კონდოტიერები - შენი ვამპირები!

როცა სიფილისი მთელს სხეულს მოედო,
სახეზე იფერე ნიღაბი,
ჩეზარე,
იყავი მკვნესარე,
შენ, პაპის მეზარევ,
სუყველა შეზარე
ჩეზარე,
ჩეზარე!

და შემოგცქეროდა რარიგ აღტაცებით თვით მაკიაველი,
ნიკოლო, რჩეული!
შხამიან ვაშლს თლიდი,
სტუმარს გაუყოფდი,
და დუჟმომდინარე ძირს ეგდო ეული,
შენ კი -  არ კვდებოდი საწამლავს ჩვეული -
- მაკიაველისა გვიამბობს რვეული.

რა გინდა, ჩეზარე,
რას გადამეკიდე?!
ეგ მინდა მე კიდე?
ჩემს სიზმრებს შეეშვი,
ცხოვრებამ დამარჭო შენ გარეშე ეშვი,
მეც მიჩხვლეტ?
რად მინდა ეგ საწამლავები,
ჩემივე მყოფნიან  მტრები და ავები.
რა შარში გავები,
ჩეზარე,
ჩეზარე,
ვიღვიძებ,  ვცახცაცხებ,
ბნელია ეს არე,
როგორ შემზარე და როგორ  შემეზარე,
გული მჩხვლეტს,  ჩეზარე,
ვგრძნობ, თითქოს რაღაცა  დამთავრდა,
მორჩა,
ბორჯია,
ბორჯია,
  ბორჯია,
ბორჯა,
სხვა ნახე მეზარე,
ჩეზარე,
ჩეზარე!

- - -
*სბირები -  პაპის  ‘’საიდუმლო პოლიციის’ თანამშრომლები,    გაწვრთნილი ჩეზარე ბორჯიას მიერ, რომ  გავლით, შხამიანი ნემსის  ოდნავი ჩხვლეტით  მოეკლათ ადამიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი