წერტილები


ნინო დარბაისელი

წერტილები

სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ,
ეს ის დრო არის,
უცხოეთში ერთეულები რომ დადიოდნენ.
ჩემი კლასელის მამამ, 
მახსოვს,
საიდანღაც,
  ასუანიდან,
კაშხალიდან
სიდედრს საჩუქრად
სადაფისფერი,   
არგატეხვადი ჩაის სერვიზი ჩამოუტანა.

არ ვიცი,
ახლა ვის ეხსომება,
ისროდი ძირს და  მთელი სერვიზიც რომ დაგეყარა,
არ გატყდებოდა.

“ეს - ჩემგან, ჩემო სიდედროო, 
იმდენი ხანი იცოცხლეო,
ეს სერვიზი რასაც გასძლებსო!”
ამ სასწაულის საჩვენებლად ერთი ჭიქა მოიქნია და დავარდნილი…
მე არასოდეს რეალობაში ასე,
ერთ წამში
თეთრი პუდრივით დაბნეული
მეტი შუშა არ დამინახავს.

თურმე წერტილი ყოფილა ერთი,
სულ ერთადერთი,
თუ იმ წერტილში მოხვდა რამე,
ეს ემართება.

და არა მხოლოდ სიყვარული,
და არა მხოლოდ მეგობრობა,
ასეა ყველა დიადი გრძნობა:
ათას ქარიშხალს გადაიტანს,
ათიათასჯერ დაეცემა,
მთელი ადგება,
აპატიებს  და დაივიწყებს უპატიებელს
და თურმე
სადღაც
წერტილი აქვს სულ ერთადერთი,
თუ იმ წერტილში  მოხვდა რამე,
ეს ემართება.
და ვრჩებით წვრილად დაფშვნილები,
დაწრეტილები.
ყველას გვაქვს სადღაც ის წამები და წერტილები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი