დენდი- ბოჰემა
ნინო დარბაისელი დენდი-ბოჰემა (კაცი პოეტის ნაამბობარი) ჰოი, მთაწმინდავ, მამადავითო, იღლება სული წინაპრებთან მარად დავითო, რომ არ მახსოვდე, ისე როგორ უნდა დავითრო! მანდ - გალაკტიონს რახანია სძინავს მეფურად, მეც მის საფლავზე მძინებია, ნისლი მებურა. გამომაღვიძა ჩიორების აჭიკჭიკებამ და გამაკვირვა მიმოყრილმა გვერდით ჭიქებმა. იმაღამის ქარს მიმოებნია ყვითლად ფოთლები, ფოთლებში ჩანდა ცარიელი მწვანე ბოთლები და მზის სხივებზე მოქანავე ჭრელი ჩიტების ირგვლივ მეხვია ჟივჟივი და აურზაური, რა დაგემართა, ადექიო, აუ, ზაური! გამომეღვიძა, გვერდით მეწვა ქალი - მხვრინავი. ქალაქის ცნობილ გიჟთან ღამე გიტარებია? ფიქრობ, ჟღერს შენთვის, თუკი სადმე გიტარებია. ის მახსოვს მხოლოდ, რომ სიყვარულს ვეფიცებოდი, ახლა ფრაგმენტებს რაღა შეკრავს ხსოვნის წებოთი. მან სავსე ჭიქა ორი თითით დაატრიალა და ასე შესვა, მისმა ცქერამ გამატიალა. ისიც არ ვიცი, გახსენება რა საჭიროა, ისიც მეყოფა, ჩემს ჯიბეში თმის სარჭი როა. თითქოს გამომდო რეალობამ კლანჭი და ეშვი, ელდანაკრავი წამოვვარდი, თავქვე დავეშვი. ჰოი, მთაწმინდავ, ვის შეუძლია ჩადენილისგან უცებ მოხევა! თუკი ალკოჰოლს მუხრუჭებიც მოუთენთია და სიყვარული უფეთქდება, თითქოს დენთია, ჩვენში პოეტი - გაიღვიძებს? - დილას - დენდია, შებინდდება და საღამოთი - არის ბოჰემა. ჰოი, მთაწმინდავ, რა ჰქნას გულმა, მეამბოხემა. რა სჯობს ვინ იცის, დენდობა თუ ისევ ბოჰემა? ანდა ორივე ერთდროულად, რა ჰქნას პოეტმა, ყველაფერში უყვარს მოდერნი. ჰოი მთაწმინდავ, ეს რანაირ დარდებს მოდევნი! დენდი-ბოჰემა - სახე არის ჩვენში პოეტთა, დენდი-ბოჰემა სახე არის ყოფის სადაგის. ეს იგივეა, ტანით - გეძინოს ბუნკერში ნაგვის, თავით კი სადმე, სასახლეში. ფერადნაქარგი აბრეშუმისა გედოს თავქვეშ გედის ბალიში. ო, მთაწმინდაო, გევედრები, გეყო, გამიშვი! ჰოი, მთაწმინდავ, მოვრბოდი და თითქოს მომდევდი, დამეწეოდი, და საფლავურ ცრემლებს მადენდი. დღის სინათლეზე - მე ხომ დენდი ვარ, ცნობილი დენდი! ამ ქვეყანაში ყველაფერი ღვინოს ბრალდება, დალევ, დათვრები, სიყვარულიც აბრიალდება, დილას კი მოაქვს ნაბახუსევი, თავის სიმძიმე, მრავალი წელი ამის მეტი რაღა ვიცი მე, წუხელ ვილხინე, წუხელ მთვრალმა ბევრიც ვიცინე, და ვარკვლავებიც ბევრი ვთვალე, ცად მოციმციმე. რა სითბოეთი, რა სიტკბოეთი - გიჟი ქალი და მთვრალი პოეტი! საღამოს ისევ მარინასთან მაქვს პაემანი, ვსვათ უნდა ისევ, ისევ ზეპირად ვთქვათ პოემანი, ნეტა, ეს თავი ახლა სადმე დამამალინა, დილის ამბები ყველაფერი დამაფარინა! დღისით - დენდი ვარ, ღამე - საფლავზე გავატარე და ვინეტარე და დილით ვნახე, რომ გვერდით მეწვა პლეხანოველი იგი მარინა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი