სოკრატე.სიკვდილის ბალადა
ნინო დარბაისელი სოკრატე. სიკვდილის ბალადა ქრისტეს შობამდე საუკუნით ოთხით წინარე, იყო ბრძენკაცი ერთი, მუდამ პირმომცინარე. - კითხვა-პასუხით აამღვრია თავის წინ არე, არად ჩააგდო მთლად ათენის დემოკრატია, მასხრად აგვიგდო, ყმაწვილები გადარიაო, თქვა ხალხმა - რატომ გავუძლოთო, რა რატრატია, გვინდა ჩვენს ქალაქ-საუფლოში რია- რიაო? ამცრობს ჩვენს ღმერთებს, უკეთესი თითქოს იცოდეს, სხვაც გაფრთხილდება, სანიმუშოდ მას დავსჯით ოდეს! თითქმის შუაზე როს გაიყო კენჭისყრით ხმები, სიკვდილს ერგუნა გამარჯვება დასათანხმები. დემოკრატიამ განაჩენი გამოუტანა, დაე, მოკვდესო! საწამლავიც გაიღეს თანა. შეიძლებოდა ფულით სიკვდილის შეცვლაო უთქვამთ, მოვაგროვებთო, აზრი იყო თურმე ჭაბუკთა. იუარაო, იმ სიცილით ბედი ჩამუქდა: - მაგ ძვირ სიცოცხლეს - მირჩევნიაო სიკვდილი მუქთა!” მოწაფეები ნახულობდნენ, არ მიატოვეს, სიკვდილმისჯილიც ოხუნჯობას არ იშლიდაო, ფილოსოფოსმა თავი ამით დაიმშვიდაო, ალბათ ებრძოდა ასე შიშსა და სიმარტოვეს. და აი, დადგა აღსასრულის დღე გარდუვალი, სიცოცხლის მეტრფე თითქოს სიკვდილის იყო მწყურვალი, გამოუწოდეს თასი სავსე შხამით - “ჰემლოკით”! დაეწაფაო, წვეთი არ დარჩა ამოსალოკი. და დაუბუჟდა ჯერ ფეხები, ნელა წაერთვა, წამოვწვებიო, ვეღარ შესძლო ნაბიჯის მართვა, უკვე წელამდე ავიდაო უთქვამს და ჯერაც დაგრჩა რაღაც დრო გულამდეო, გაუძლებ გვჯერა - - უპასუხია საგანგებოდ მიჩენილ ექიმს. … ვიდრე გული სცემს, ადამიანს ცოცხალი ეთქმის. და მოუსწრია, ვიდრე ისევ უჭრიდა თვალი: - კრიტო, გახსოვდეს, ასკლეპიოსის მიმყვება ვალი! მამლის საზღაურს დაეძებდა ის წარმავალი. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მოიძრო ქუდი, ასე დამთავრდა მისი ყოფა, სწორი თუ მრუდი. ერგო სიკვდილი საწამლავით, არა - წვალებით და გაციებულს დაუხუჭა კრიტომ თვალები…ატირებულნი მოწაფენი დარჩნენ მარტონი, რა სიბრძნე გაჰყვა, სილაღისა გაჰყვა რა ტონი! …და ირონია ცხოვრებისა რა გინდა მეტი! უერთგულესი მეგობარი, აპოლოგეტი, ის ერთადერთი - იქ არ იყო იმ დროს პლატონი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი