ტამერლან!
ინო დარბაისელი ტამერლან! (როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია - გ. ლეონიძე) ტამერლან, ცისფერი გქონია თვალები, სიმაღლით ყოფილხარ მეტრი და ოთხმოცი. თმა - ჟღალი წითელი, დადგინდა წვალებით, პირველად რომ ითქვა, თან მოჰყვა ხორხოცი. დიდ პაპას - ჩინგიზ ხანს არ ჰგავდი სრულიად, ევროპოიდელი და არა - მონგოლი. შენი სისასტიკე - უკვე წარსულია, გულმოწყალებას კი - მოუკვდეს მომგონი! ბუდიონს მიართვეს ხმალი შენეული, სიყვარულს რომ ჰგავდა დიდი ლეონიძის. გულით შიში დამაქვს, ბრაზში შერეული, რა გულის ბრალია, სიმართლე რომ იცის! ედგარ პოს კითხვაში წუხელ დამათენდა, შენზე ლექსს შევები და მერე გადავდე, რითმა ვერ გავაბი, გონი მომეთენთა… ნეტა რას გიყვები, ან რაში გადარდებს! დილისპირს მესიზმრე, ძილში ჩაყოლილი, ხმლისპირზე ვცეკვავდი რაღაცას ბოშურად, ვმღეროდი ბალადად, რაც კი მოყოლილა, თითქოს ნიშნს ვუგებდი მაგ ძალის მოშურალთ. ხელებს გიკოცნიდი, გრძელ თითებს წითელი ძოწი გიმშვენებდა, ლეგენდად ქცეული, მითიდან მოხვედი და დარჩი მითელი, მე კი რად მიხურდა ნეტავი სხეული! ვამბობდი: - რაღა ვქნა, უშნო ვარ, ობოლი, სიმშვიდეს დავეძებ, სიყვარულს კი არა! ო, წადი, თემურ ლენგ, შენ, დაუნდობელო, მარჯვენა ფეხზე რომ გეტყობა იარა. და მაინც, თვალები - ასეთი ცისფერი, ღრმა ნაიარევი - შენი ხმა - მქუხარე… რა მოხდა, მესიზმრე, არა - ჩემსაფერი. ერთხელაც ჩემნაირს გული გაუხარე! ტამერლან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი