ყვავსათვალავი
ავტორისაგან: აბა, წავიდა ყვავების თვლა, ამ შემოდგომაზეეე!!! ოღონდ ყვავი და ყორანი არ აურიოთ! ხომ იცით, რაშია განსხვავება? ყვავი პატარაა, ხოლო ყორანი - ორასი წელია იძახის ,,ნევამორრრრ”, ედგარ პოს გამო! ინგლისურ ფოლკლორში არსებობს მკითხაობა გზად შემოხვედრილი ყვავების რაოდენობის მიხედვით. როგორც ფოლკლორულ ტექსტებს ახასიათებს სხვადასხვა ვარიანტით არის გავრცელებული. სიმბოლიკაც - განსხვავებულია. მე - ფოლკლორული ფორმა ავიღე და ქართულ ლიტერატურულს მივუსადაგე, გავაკეთე მონორაიმი ანუ ერთ რითმაზე ავაწყვე. გაერთეთ! ნინო დარბაისელი ყვავსათვალავი გზაზე ერთი ყვავი ნახო, - მიზნად ფუჭი დაისახო; გზაზე ორი ყვავი ნახო,- დასაძრახი დაიძრახო; გზაზე სამი ყვავი ნახო, - ტყუილები ბევრი ჩმახო; გზაზე ოთხი ყვავი ნახო, -დაიღალო, გაილახო; გზაზე ხუთი ყვავი ნახო, - იწვალო და ივაგლახო; გზაზე ექვსი ყვავი ნახო, - გულს იმედი ჩაისახო; გზაზე შვიდი ყვავი ნახო, - მთა და ბარი გადალახო; გზაზე რვა თუ ყვავი ნახო, - თავი შახად შეინახო; გზაზე ცხრა თუ ყვავი ნახო, - ოთხივ კუთხივ იჩახჩახო; გზაზე ათი ყვავი ნახო, - მოიხვნება შენი ახო; თუ თერთმეტი ყვავი ნახო, - რამე ხიფათს დაეჯახო; თუ თორმეტი ყვავი ნახო, - ვინმე მშველელს დაუძახო; თუ ცამეტი ყვავი ნახო, - ცას პირჯვარი გადასახო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი