პატრიოტული მონორაიმი


ნინო დარბაისელი

პატრიოტული მონორაიმი 

ქვეყანაა დაბურული,
მომრევია მე ღვარული -
თვალზე - ცრემლი, არა -  რული,
დამეღალა გული კრული,
შორით მოვთქვამ გულდაზრული.
ყოფა მერგო  მე ზამთრული,
ყინვისაგან მინამქრული,  
სიშორეში -დაძაგრული,
პატიმრული, თან - ბებრული,
ხმები მესმის  შორმგზავრული:

ვინ - გვაცეკვებს, რა - დაკრული? 
მეგობრობა?! - ფარსი, მტრული -
- ვითომც ტკბილი, თან ზღაპრული,
ვითომც - ჩვენი  მოყვარული,
ქცევა - ვითომც მეისრული,
სიტყვა - ვითომც გადაკრული.
ვინ, ვინაა - გაბასრული?
მართალია - გაბაწრული!
ქრისტეს რწმენა? - ჯვარს გაკრული,
სატანა კი  - გაბადრული,
რა გვიშველის, რა არული!

საქციელი - რამ ლაჩრული,
უგეგმო და ცანცარული,
ვითომც  ძაან მეომრული… 
რისი ვიყო მოხარული?! -
საქართველო - დასახსრული! - 
ყოფა, ქცევა - მთლად ვაჭრული,
მთლად ქუჩური და ბაზრული,
კედლებია  მთლად დაძრული,
 რა მყუდრო და რა ტაძრული?!
არც გუმბათი - დახურული,
ფრესკებია - დაკაწრული…
(სიყვარული - ვანდალური?!)
თესლი - თაგვთა გადახრული?! 
აღმა ხნული, დაბარული,
დაღმა ფარცხეს… - ხმა  ფარული, 
ვაყურადებ დაზაფრული,
(ვიცი, თქმაა  მოარული)…

საქართველო კი არა, და საგიჟეთი არის სრული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი