იერუსალიმ!
ნინო დარბაისელი იერუსალიმ! იერუსალიმ, იერუსალიმ, უდაბნოურო, უმოწყალო და უწყლო ქალაქო, საწყალო და აურწყავო ჟამთასვლისაგან, იერუსალიმ, შენ, სატახტოო სასახლეთა და ნასახლართა, შენ, ჩამბალო სისხლსა და ოფლში, ცეცხლსა და ცრემლში გამოწრთობილო, მოვედი, გნახე, შეგიყვარე ათასგზის მძაფრად, იერუსალიმ! იერუსალიმ, იერუსალიმ, შენ ვის არასდროს დაგლევია მტვერი და მტერი, ერთი თავხედი მოგივედი, უბირ ტურისტად მოგივედი, მოხუცებული - ამერიკიდან მოგივედი, იერუსალიმ! სადა გაქვს მეტი საიდუმლო, მეტი სიბრძნე, მეტი სინათლე, იერუსალიმ, მიწისპირზე? მიწისქვეშ? ცაში? იერუსალიმ, იერუსალიმ, როგორ ადვილად გამაგებინე, რაც აქამდე ვერ გამიგია: სამი სხვადასხვა რელიგიის ტაძარი თუ ქალაქში გიდგას, თან ახლო-ახლო, როგორც თბილისში, ეს საამაყო კი არა და, სატირალია, - გაიძვერა პოლიტიკოსთა მოგონილია ეს ამგვარი ტოლერანტობა, რადგან ახედე ამ ტაძრებს და თავად ირწმუნებ, რადგან დახედე თარიღებს და თავად ირწმუნებ, ტაძრები ესე არა შენი სიძლიერის, არამედ შენი უძლურებისა და მომხვდურის სიძლიერის ჟამად აიგო. და თუ მეფემან ვინმემ თვისი ზეობის ხანად ღმერთის ერთობა დაივიწყა, სხვას ნება დართო, სხვათა ღმერთის განდიდებისა, - რის საზღაურად, ამაზე მუდამ იყუჩებენ მატიანენი. იერუსალიმ, ჩემო მოთეთრო-მოყვითალო, თიხისფერო, კირქვით ნაგებო, ალაგ ვარდისფერშერეულო, მომხვდურთა მიერ ალაგ-ალაგ ბერძნული და კარარასის მარმარილოთი დამშვენებულო, მარადიულო საქალაქო და ნაქალაქარო, ზოგან - თხუთმეტჯერ ნასახლარო, სასუფეველო სავარაუდო ადგილების, გადმოცემების, შენ ფენა-ფენა წამომშლელო წარმოსახვების, გედსიმანიის ბაღში სხვებივით მეც მიტირია, მაცხოვრის ჩვენის ძვალშესალაგთან მეც მიხარია იერუსალიმ, იერუსალიმ! დასრულდა ჩემი პილგრიმობა, იერუსალიმ! შენს წვრილ შუკებში ხეტიალები, შენს აზიურ, სულისშემხუთავ ბაზრობებში შეჭეჭყვები, მუჯლუგუნები, ჩამორჩენები, დაკარგვები, შენს ბაღნარებში, ჩრდილოვანებში ხმაშეწყობილი სიმღერები, მაცხოვრის ჩვენის სადიდებლად, მოფარებულში, მაჰმადიანთა არდასანახად - კიბის ბოლოში მუხლმოყრილი ჩვენი ლოცვები. მოვედი, გნახე, განგიცადე, იდიდე ცამდე! მშვიდობით, ჩემო იერუსალიმ! იერუსალიმ, იერუსალიმ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი