კოცნა


ნინო დარბაისელი

კოცნა
- - -

მზე - გადახრილი,
მე - გადაღლილი,
ხავსის ხასხასა  ხალიჩა რბილი,
ღრმად თანაბარი და თანაც გრილი
დაბეჟილ ტერფებს მოესალბუნა.

ხმამ გამიტყუა სიმხურვალიდან
და მე ვიხილე
ცა  - ვარსკვლავებით მოჭედილი,
შორი სიკვდილი, 
ახლო მდინარე,
კლდის ნახეთქიდან გამომდინარე.
მდინარის პირას კენტად ჯდა იგი
და გაისმოდა  სოლო  მისი
უკიდეგანო სიმარტოვეში...

სხეული ჰქონდა ისეთი გრილი, 
ისეთი გრილი სხეული ჰქონდა,
რომ შეხებაზე
ქალის მუცელში ჩასიცხულ პეპლებს საბედისწერო თავგანწირვით აფრიალებდა.

გრილი სხეული ჰქონდა-მეთქი,
იმას ვამბობდი,
ტუჩებიც - გრილი,
შუბლიც,
კისერიც,
მაგრამ ის ქალი მე არ ვიყავი,
ვისი კოცნითაც
ის ბაყაყური ტყავი  უცებ გადასძვრებოდა და სამეფო მანტიამოსხმულს,
მაღალ ფეხებზე წამომართულს, 
მარადლაქუცა კარისკაცები წითელ ხალიჩას დაუგებდნენ
და მის წინაშე
ქალადქცეული ფერადგვირგვინა ყვავილები  თაყვანისცემით განერთხმეოდნენ.

არადა, იქნებ მართალიც იყო,
რომ  სჯეროდა თავისი წამის და  თვალწარმტაცი გუბის პირად  მოწყენით  მჯდარი,
ცისკენ მზირალი
იმ ერთ, ერთადერთ,
ჯადოსნურ კოცნას ელოდებოდა,
მე კი მიველ და მოვაცდინე…

რა ვქნა, ის ქალი მე არ ვიყავი
და ჩემი კოცნა
დედურად თუ დედობილურად  სიცხის გასინჯვას უფრო ჰგავდა;
ხმაშიც,  თვალებშიც ზრუნვა მედგა,
შფოთს რომ ერევა და ყრმას აწყნარებს, ამამაცებს:
,ეს სეზონური ვირუსები - არაფერია!"
მერე დაიცდის,
ჩათვლემილს ჩუმად საბნის კუთხესაც შეუკეცავს
და ფეხაკრეფით,
გალიცლიცებულ ღამის ქოთანსაც თან გააყოლებს.

სხვა რაღა გითხრათ იმ სიყვარულის!

მთავარ მანუსკრიპტს ვერავინ შევცვლით,
ჰოდა, ვჯერდებით  ასე,
ერთჯერად ადაპტაციებს.

ყველამ თქვენ-თქვენი გაიხსენეთ,
წარმოიდგინეთ, 
აღმაფრენებით,
აფრებით და

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი