სახალისო დავითფერული


ნინო დარბაისელი

სახალისო დავითფერული

კაცებო, ფრთხილად,
ვიდრე ქალისკენ გაიწევდეთ,
კაცებო ფრთხილად!

თვით კაცთა შორის უფლისათვის უსაყვარლესი -
დავით მეფე,
მეფეთა-მეფე, მეფსალმუნე,
გახსოვთ, უფალმა როგორ დასაჯა?

არა, არ გახსოვთ!

დავითმა თავის სასახლიდან რომ გადმოიხედა
და დაინახა  მზის სხივებში მობანავე ქალი - ბეთშება,
აენთო ვნებით  უმართავით,
დაუძლეველით,
ქმარს გამოსტაცა ქალი იგი,
ხოლო ქმარი სასიკვდილოდ გაისტუმრა.
ფეხმძიმე ქალმა
ძე რომ უშობა,
მოკვდა  ის ჩვილი
და  მონანული დავითი  როცა მძიმედ მოსთქვამდა,
უფალო ჩემო, 
შევცოდე და  შემინდეო,
რა ჰქნა უფალმა?

რა და
იმდენი ცოლის პატრონს
ბერშიბა  - ცოლად დაუტოვა
და არა მხოლოდ დაუტოვა,
დავითისაგან შვილებიც  მისცა.

განა არ არის ეს
უმძიმესი  განაჩენი ღვთის ღალატისთვის?

წარმოიდგინეთ,
მოინანიოთ და მაინც,
მერე მთელი ცხოვრება გახდევინონ
ერთი შეცდომის მძიმე ფასი!

და კიდევ კარგი, 
იმ ძველ დროში ხელმწიფეთათვის
წესი იყო პოლიგამია
და ცოლებითა და საყვარლებით გავსებული მთელი ჰარემი ეგულებოდათ!

და  ბოლოს მოლბა გული უფლისა და შვილთა შორის უბრძენესი ბერშიბასაგან, სოლომონი ირჩია მეფედ,
ხოლო ბერშიბა  - დედოფალთა-დედოფლად დასვა!
დავითი ამას არ მოსწრებია,
ჰარემდიდი და წვრილშვილმრავალი.

ამას რას ვამბობ, გადავირიე?!
იქნებ ასეა!

მაშინ თქვენ თვითონ ამიხსენით,
ყოველი კაცი თუ ცოდვილია,
ხოლო უფალს თუ ცოდვილი უყვარს,
მაგრამ სძულს ცოდვა კაცთა შინა,
ხოლო ცოდვის მონანიება - ძნელი საქმეა და უკვე
ნიშნავს  აღარასდროს გამეორებას,
და ეს წესია,
უფლის მიერ დადგენილი და საყოველთაო,
დავითს, მხურვალედ მონანიეს ახალშობილის სიკვდილის გამო,
ბეთშება ცოლად რად დაუტოვა,
ან იმდენი  ახალი შვილი იმავე ქალთან, რატომღა მისცა?

ვინ გაარჩიოს დროზე ადრე ერთმანეთისგან
-  რისხვა  ღვთისა და ღვთის მოწყალება,
ან სამართალი ვინ გაუგოს,
ვის შეუცნია საქმე მისი სააღტაცებო…

ფრთხილად, კაცებო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი