ფესვი - უმიწო, ფეხი - უბიწო


ნინო დარბაისელი

ფესვი უმიწო, ფეხი - უბიწო

მინახავს ტყეში ხე, როგორც მეხამრიდი,
ოდნავ რომ ურხევს ტოტებს ნიავი მშვიდი,
ხოლო ფესვები მიწაგაცლილნი -  დგანან,
ხეს აცოცხლებენ, კვებას აკლებენ განა.
გადალაჯულა ზედ მდინარეზე ზოგი,
ქვეშ მიწაგაცლილს რა დარჩა დასაზოგი,
ზოგი ისეთი მაღალი არის ფესვი,
შიგ დაიბუდებ, რა გითხრათ უკეთესი.
ფესვი - უმიწო, ფეხი - უბიწო!

ფესვქვეშ უმიწო დღესაც შემომხვდა მუხა,
იმაზე დარდმა ფიქრები გამირუხა.
თუ ერი გქვია, უნდა დაბერდე კარგად,
მუმლიც გეხვიოს, ვერ გხდიდეს დასაკარგად,
ფესვი - უმიწო, ფეხი - უბიწო.

მთლად ნიადაგიც გამოგეცალოს - იდგე!
უცქირე ვარსკვლავს, კისერი გადაიგდე.
თუ ჩაგთვლემს,  ძილში სამშობლო ჩაიყოლე,
არ დაივიწყო  ლიახვთან მდგარი ოლე!
გლოცავთ შორიდან და სადღეგრძელოც შევსვი.
ცოცხლობს უმიწოდ, თუ ძლიერია ფესვი!
ფესვი - უმიწო, ფეხი - უბიწო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი