ცრემლო, რატომ მომერევი


ნინო დარბაისელი

ცრემლო რატომ მომერევი
(ციკლიდან - მონორაიმები)
•••

ცრემლო, რატომ მომერევი? გულო, რატომ მეხურები?
შუბლო, სიცხით  გამიხურდი, თუ მცივა და მეხურები!
აღარც ცხელი ჩაი მინდა, არც ვაშლები - კეხურები.
მოგონების აღმართებზე, მუხლო, რატომ მეღუნები?
ძველო ხმაო,  ბავშვობისა, რანაირად მეყურები!
გადავხუნდი,  თუ ბავშვობა მიყურებს და ვეხუნები?
მომეყინა მე ხელები, მომეყინა მე ყურები.
მოყინულან  მდინარენიც  - შორი  ტეხურ-კეხურები,
დიდი პაპაც  შემოსულა, სიტყვები თქვა გლეხურები.
ღამით დაუდია თოვლი, შემცივნულან ბეღურები,
თოვლს ატყვია  წერილები -  მათი ბატიფეხურები.

- -
მონორაიმი -  ერთ რითმაზე გაწყობილი კონვენციური ლექსის სახეობაა. აქ მგონი ათია, არა?! ახლა ტექსტთან დასაბრუნებლად არ მცალია. თუ გინდათ, სცადეთ და კომენტარებში თქვენი მონორაიმები დადეთ, ვნახოთ, ვინ რამდენს გავქაჩავთ!
ჩვენც ხომ გვინდა გართობა, არა? მოგვკლავს ამდენი სერიოზულობა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი