ლექსების ნაკრები - გამოუქვეყნებელი, არაფერი განსაკუთრებული
სიზმრად დიდი კაცი ნახო და სხვები კვირაზე მეტიც იქნება, ლიმიტის ამოწურვის გამო აღარაფერი დამიდია. წერით კი ასეთი რაღაცეებით ვერთობოდი. თქვენც გასართობად, დაუძაბავად წაკითხვას გირჩევთ. უმარტივესი, სახალისო რაღაცეებია. აი, ფეხს რომ არ დაისველებ წყალში, ისეთი. ერთიანად იმიტომ ვდებ, რომ ამ თვის ლიმიტის გამოზოგვას თუ გამოზოგებას ( კარტული სულ დაგავიცკდა - აქ გაიცინეთ!) ვცდილობ. ნინო დარბაისელი სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო არ გელათ ან გაენათელი, მესიზმრა კაცი - მამათელი, ყისმათიანი თუ ყისმათელი. არც რომ - ჩემიანი, არ - მათელი, ბნელს გადაჰფენოდა რა ნათელი! - შვილს რომ ვერ ეღირსე, მამათ ელი? გეყო ბაასი და კამათები! ამათ მისდიე და ამათ ები? სიტყვები ისმინე ამათები? შენს გზას გაუდექი! ამად ელი?! მიდი, გააგორე კამათელი! შენ - შენი წილი უნდა ყარო, შენი ფიქრი უნდა გაიმყარო, გასაყრელს - უნდა გაეყარო, შესაყრელს - უნდა შეეყარო, გადასაყრელია? - გადაყარო, სადაც ვერ დადგები - აიყარო, ასეა მოწყობილი ეს სამყარო! მესიზმრა კაცი - მამათელი, ათასერთხელაც - განათელი! ავკეთილიანი, განა მრთელი! … რისი ბედი და იმედი?! გინდ, იმედის მესამედი! გამწყრომია შემოქმედი, ვიყავი და დავრჩი ყბედი… ნინო დარბაისელი სფუმატო ამ ტიპის ლექსები უნდა ეწერა ვინმე წარჩინებულ ქალს ასე, საუკუნის წინ, რომ გვქონოდა ევროპული კულტურული ატმოსფერო. ან იქნებ დაიბადა კიდეც, არც მიეკუთვნებოდა წარჩინებულთა წრეს და მურიანი ქვაბების ნაცრით ხეხვაში ამოხდა სული. კვამლივით, კვამლივით, რაღად გეფარება, შენი კონტურები - არ მოსჩანს მკაფიო. აქ მწარე ღიმილით ვინ დაეტარება: “- აი - ნეტარება, ცხოვრების ქაფიო!” როგორი სველია, ცივია ბურუსი! შენს იქით - ველია უკვე განატრუსი, ვიზაჟი, ვიტრაჟი, დრაპი შეცვლილია - მკვდარი პეიზაჟით ეს - რენესანსისთვის იყო ეპატაჟი. წუხელ უთოვია, მოსჩანს ფლორენცია, ჭირხლით იბანდება და ატალახდება, მზე როგორც ამოვა, წავა მოლანდება მოვა რეალობა, იკითხავს, “რა ხდება?” “შენ აკლდი ამ ზეცას!”, რამ მოგარონია, გინდა ამ სასწაულს ფიქრი მიუმატო? ვისი ჩურჩულია? უცხოა სრულიად! აი, ირონია! სფუმატო, სფუმატო! ნინო დარბაისელი ერთი მოხედვა ერთ მოხედვას მომაკვდავი სიყვარული კი არა და, გადადებული ადამიანიც კი მოიხედავს - ფერზეც მოვა, მადაზეც და ხასიათზეც. რაღაცეებს ენამახვილობს, სულ ისეთ რამეები აცინებს, ადრე რომ არც კი გააღიმებდა. წამომჯდარი იცინის, იცინის… გამოუცდელი საჭირისუფლენი იმასაც კი გაიფიქრებენ, აგე, ჯანზეც მოვიდა, რა ნაადრევად გამოვიტირეთო. ზოგნი ერთმანეთს რაღაცნაირი, ნიშნისმოგებითი გაკვირვებით, მალულად შესცქერიან. სახელს ვეღარაფერს არქმევენ დაბნეულები. პატარა ამბავი ხომ არაა! ლამისაა და, ყველა გეგმა ჩაეშალოთ, ლამისაა იმდენთან შერცხვნენ, “გაცუდებულან სამზადისნი - უვარგონია?!” და რა გგონია?! ამას მოჰყვება რამ აგონია. ხარ დაისრული! დასასრული… ნინო დარბაისელი მარტოობა თუ განმარტოება? (ციკლიდან -ეტიუდები) გაზაფხული შემომსკდარა, კვირტება და რტოება. სულ ყვავილით დაფარულა, ხეს სადაც კი რტო ება. მე - არ მიყვარს სიმარტოვე, მიყვარს - განმარტოება. იცი, რატომ გამიჭირდა მე შენი მიტოვება? მე არ მიყვარს მარტოობა, ხეს რომ კვირტად მარტო ება, სხვაა - დროით გაეცალო, თქმა არავის დააცალო, წყვილი იყო?!- გაიცალო, რაც მოგედო - გაიცალო, შენთვის - ცრემლად დაიცალო. მიყვარს - განმარტოება! ნინო დარბაისელი რედნორის ტბაზე რედნორის ტბაზე - ლაპარაკობს მთელი ბუნება. ვინც აქ სეირნობს, არ მოელის დაძაბუნება. რედნოროს ტბაზე მზე აფრქვევდა სუნს და სურნელებს, რედნორის ტბაზე- ბაასობდნენ ციყვი და იხვი: ის - ჭკვიანია, ვინც ათას კაცს გაასულელებს, ათას კაცს საღი გონებისკენ - მოუხმობს ბრიყვი! დიაგონალზე დააფრინდა ტბის სარკეს გედი: ვინც ბრიყვს რაიმეს აუხსნისო, ის არის ყბედი! ამასობაში ამეტყველდა დედა ირემი: რა სჭირსო ამ ხალხს, მათი ცქერით გადაირევი! ირემს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ თავისი შვლები. მოდი და მათი შემხედვარე - ნუ შეიშლები. და კუნძზე - მძორის მოლოდინში იჯდა ყორანი. თქვა:- ყველაფერს სჯობს ქვეყნად მუცლის ამოყორვანი! იქვე, ჭაობში, მწვანე ტოტზე - მწკრივად კუები. გულო მითხარი, მშვიდ ფიქრს რატომ ვერ ეპუები?! ბალახში ხტოდა და გარბოდა უცებ ჩიფ-მანკი: გამოსწორება სხვისი გსურდეს, - არისო მანკი. ტოტზე იწვა და ნებივრობდა უხსენებელი, თქვა: - გაჭირვებულს არავინ ჰყავს უხვზე მვნებელი. გამოეფინენ გარეული ინდაურები… ეს - აქაური, თქვენ მიამბეთ მანდაურები, ბილიკს - ნახერხი?! რა - ურიკა! - მინდა ურემი. რედნორის ტბაზე დავსეირნობ, გამირბის ფიქრი. ასე მგონია, საქართველოვ, უფსკრულში მიჰქრი! ნინო დარბაისელი თვითგადარჩენა ჩვენი მთავარი სიყვარული ჩვენგან რომ მიდის, ღმერთო, ო როგორ გვეშინია ორმოსი დიდის. ვინც კი შეიძლებს, როგორც შეიძლებს, დაფარავს ძველ ძვლებს და შენაჩვენებს ერთიანად დაფლავს ნარჩენებს, სწრაფად შეავსებს ვინმე ახლით - გადარჩენილი. სულ ამაოა ლოცვა - ვედრება! წასულს - ახალი განა რამით კი შეედრება! ვართ გადამტანი უკვე მაგდენის? რა მინაქარი? თვითგადარჩენის რა ძლიერად გვიბერავს ქარი, საით მიგვდენის რაღაცა ძალა უჩინარი, (იქნებ - ჩენილი?) რომ დიდი ორმო ამოვავსოთ - საბედისწეროდ პირდაფჩენილი? ქვეყნად ვერავინ სხვას ვერასდროს ვერ ენაცვლება, გამოდის მხოლოდ შენაცვლება თუ ჩანაცვლება. ეს სიბრძნე ძველი - ძველ ტკივილებს არ დამიამებს. ნინო დარბაისელი დაიტაკა ორი მონა დაიტაკა ორი მონა სიმონა და დეზდემონა. ჩაერია პოლიცია, ყველაფერი გადაშმონა! რატომ ჩხუბობს ორი მონა? ან რა ხმაა, რა ტონიო? “მთლად სამყაროც მოიხმონა, სჯობნის ჩემი ბატონიო! უხვია და საუცხოო, სხვა ბატონებს არა ჰგავსო, გაგიკვირდეს, რამე სთხოვო და სიუხვით არ აგავსოს! შენს ბატონს კი, აბა, ნახე, უჭირავსო ხელთ მათრახი, თუკი რამე დაუძრახე, ზედ შეგდგება ეგ ჩათლახი!” ერთობოდნენ ბატონები, მათი ჯახის შემხედვარე: “-თავს იმეტებ ბატო, ნებით, ცრემლი ნებით აღვარღვარე?” -კი არ უთხრეს, გააქეზეს, რაც შეეძლოთ, შეუკეთეს, “ჰო, ვგავარო მართლაც, კრეზეს, სად ნახავო შენ უკეთესს!” მონებმა და ბატონებმა თავი ბევრჯერ გაიწვალეს, ბოლოს ბრძოლით ნაშინებმა ერთმანეთი გადაცვალეს. ოქროს მისხლად ერთობიან, რა ცენტნერი და ტონები! და რა რჩება ერთობიდან? მონები და ბატონები! მორალი: 1.ბატონების გასახარად მონა - მონას ებრძვის როცა, აიგდებენ თავს მასხარად განზე რჩება სამშობლოცა. 2. მონას მონას ზედ დაჰყურებს, ბატონი ჰყავს?! - უფალია! მედგრად ყურებს აპარტყუნებს, “სხვაზე თავისუფალია!” 3. მონამ მონას დააყვედრა, შენ - ბატონის მონა ხარო. ბატონმა კი დაახვედრა, მონას - სხვასაც მოვნახავო. ნინო დარბაისელი კომში, ვაშლი და დარიჩინი (ჩემი საგიტარო რეპერტუარიდან) შემოდგომაა - ქარვისფერი, რა მშობლიური და რა - ჩვენი! დარიდან რაღაა დარჩენილი?- რა დაჯერებული ჰაერია! რით გაჯერებული ჰაერია?! სუნ-სურნელებები აირია, ჰაერი სულ გადაირია: კომში, ვაშლი და დარიჩინი. კომში, ვაშლი და დარიჩინი! ვის უნდა ნასხვისი და დანარჩენი ვაშლი, კომში და დარიჩინი! რად გინდა, რომ დაინარჩუნო, ვინ უნდა მოინატრო და არჩინო? ან თავი?! - რით გინდა დაირჩინო? კომში, ვაშლი და დარიჩინი. კომში, ვაშლი და დარიჩინი! და ჩივის ვიღაც დარეჯანი, რომ გაანიავა ფარაჯანი: რა გული გამიძლებსო და რა ჯანი! რუხ ზეცას ვინ უდარაჯონო, თუნდ იყვნენ უხინჯო-უფორეჯონი, თუკი ჰქონიათო მდარე ჩინი. სამხედრო კი არა და, თვალის ჩინი, ვის უნდა კომში, ვაშლი და დარიჩინი? კომში, ვაშლი და დარიჩინი! წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენო ის ჩვენი ლაღები და ურჩნიო, ახლა ზღაპარიაო დანარჩენი, ვინც დარჩნენ, პატრონს დაურჩენო! ვაშლი, კომში და დარიჩინი. ვაშლი, კომში და დარიჩინი. ნინო დარბაისელი პაპიდაჩემი ცხრა მთა, ცხრა ზღვაც გადალახო, რას იპოვი საუაროს?! ქმარმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! გულში ბრაზი მოუვა როს, ვინ მიხედოს ტყეს და ახოს?! ცოლმა - უნდა მოუაროს, ქმარმა - უნდა შეინახოს! კაცმა ვინმე, სხვა მონახოს? ცოლი დაამგლოვიაროს? ქმარმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! თვალით აღარ დამენახოს. ცხრა მთა ნახოს, მოიაროს! კაცმა - უნდა შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს!. თითქოს მიზნად დამესახოს, პაპიდაჩემს ვკითხავ, მაროს: ქმარმა თუ არ შეინახა, ცოლმა - მაინც მოუაროს? მაგრამ აღარ დამემძრახა, ალბათ უნდა ეს მაკმაროს: ქმარმა რომც ვერ შეინახოს, ცოლმა - უნდა მოუაროს! მარო პაპიდ, სიბრძნე ეგე - ძველია და ძველის-ძველი. მეყო, უკვე გონს მოვეგე, აღარც თვალი მინდა სველი, აღარც ვინმე - მოსაწველი. ან საიდან ვიღას ველი, ან რა არის საკვირველი! არც ბოლო ვარ, არც პირველი, თავი მიჭირს მოსავლელი! დაფურცლულა ყვავილნარი, გადამკვდარა მთელი ველი. მოსდებია ეკალ-ნარი, არავინ ჰყავს მიმხედველი. არც ცხოველი, არც ფრინველი, არც მხოხველი, თუნდაც გველი, აი დარდი - დამდაგველი… საიქიოვ, ასე გველი? გველი… რაო, შავმა დედაბერმა? არ აშორდეს - ცუდი თვალით ჩვენს შემხედავს, ავი სიტყვით მახსენებელს, და ავი გულით გამგონეს! ფუი- ფუი- ფუი! (სამჯერ - მარჯვნივ და მერე იმდენჯერვე - პირჯვარი!)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი