ექსოდისი (ანუ გამოსვლათა)


მინი ესსე 

პოეზიაში ყველაფერი სიყვარულზეა

ჩემი მკითხველები შენიშნავდნენ, რომ  ვცდილობ, ლექსების სათაურებში ან ტექსტში   გამოვიყენო არაქართული ტოპონიმი, ანთროპონიმი ან რამე  უცხო ან ნაკლებად გავრცელებული სიტყვა, თუმცა ასევე ვცდილობ,  იქვე, ტექსტის ქვეშ, კომენტარში  მოკლედ ავხსნა მნიშვნელობა.
  ბევრგან  ვიყენებ კიდევ ერთ ხერხს - ქართული ენის პოეტური ბუნების კვალად,  ვქმნი პოეტურ ნეოლოგიზმებს,  ოკაზიონალურ სიტყვებს(  თუმცა რითმად  - იშვიათად ან სულ არ ვიყენებ) მათგან ზოგიერთი ისე გავრცელებულა, რომ ქართული სიტყვა ჰგონებიათ, გამოუყენებიათ,  გადაცემისთვისაც კი უწოდებიათ, თუმცა  არათუ ქართული ენის ლექსიკონის მრავალტომეულში, არსად, არცერთ ლექსიკონში ან ტექსტში - ჩემი ლექსის  გამოქვეყნების თარიღამდე არსად  არ დასტურდება (მაგ. ,,ცრემლდიდობა”)
     გარდა ესთეტიკურისა (რაც  არა - ჩემი, არამედ გასული საუკუნის დასაწყისში გალაკტიონისა და ცისფერყანწელების მიერ დამკვიდრებული  ხერხია),  ჩემთვის ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.  ბეჭდურად კრებული 15 წელია, აღარ  გამომიცია, აზრს ვერ ვხედავ, რადგან ჩემი ამერიკული ოჯახი, შთამომავლობა, არათუ პოეზიით არაა დაინტერესებული, არამედ არც ქართულენოვანია და მხოლოდ ეს იცის ერთმა შვილიშვილმა- ,,მოდი, გოგო, დაჯე, ჩამე!”, ხოლო მეორემ - ესეც არ იცის.
  რას ვიზამთ! არ არის რეალობა ისე მოწყობილი, ბებიას ქართულ გულს და მის  მშობლიურ გარემოს  რომ ეამებოდა…
     გამიტაცა  ფიქრის დინებამ.
მე კი უცხო  და ნაკლებ ნაცნობ სიტყვათა გამოყენების მოტივზე ვსაუბრობდი. დავუბრუნდეთ თემას! - 
    ინტერნეტის საძიებო სისტემებში  უფრო მარტივად იძებნება ტექსტი, რომელშიც წერია , მაგალითად ,,ექსოდისი”,  ,,ტრასტევერე”  ,, აბიშაგი” ,, მესილინა”,  ვიდრე  როცა წერია   პოეტური კლიშე - ლექსიკის არსენალიდან: მოლოდინი, სიყვარული, სანთელი, მონატრება, წარსული, მომავალი, სევდა, საღამო და ასე შემდეგ.
თუმცა თემატურად,  რასაკვირველია, მათ წრეში მუდმივად ვტრიალებ.
ამ სიტყვებით გამოხატული გრძნობების გადმოსაცემად არსებობს ძირითადად  პოეზია
და ერთგან, ადრეულ  ინტერვიუში იმასაც ვამბობდი, რაზეც გინდა იყოს ლექსი, თავი მის ავტორს ძალიანაც რომ შორს ეჭიროს სიყვარულის ხსენებიდან ან მისი გამოხატვისგან, სულაც სიძულვილზეც რომ ლაპარაკობდეს, 
პოეზიაში  მაინც ყველაფერი სოყვარულზეა!


ნინო დარბაისელი

ექსოდისი*

აიხედე,
იხილე!
დაგპირდა და მოსულა
დღე - ღრუბლებით მოსილი,
ღამე - ცეცხლის ნათლითა,
გიხმობს: -"მოსეე-ე"!
იგია,
ვინ წყვდიადი დაფლითა.

დგას ერი გადაღლილი,
ვეღარ ითვლის იარებს.
სიტყვებს შენსას
მოზარე როგორ გაიზიარებს
და შენც წვალობ,
არ იცი, მოუხმო რაღა ღონეს
,,მკვლელო, ენაბრგვილოო!"-
სიმწრით თუ დაგაღონეს.

ჰო, ამქვეყნად ყოველი არარასგან შეიქმნა,
ჰო, ძნელია შესაქმე,
უფრო ძნელი - გარდაქმნა,
მაგრამ ვერ ასცილდება
ერს აღთქმულის გამო ცვლა,
რადგან
უფრო ძნელია აღსვლა,
ვიდრე გამოსვლა.

ღელავს ერი,
შორია ნაყოფი მსხმოიარე,
მაგრამ
რაკი მიგიძღვის
გამპობელი ვრცელი ზღვის,
ნუ გეშინის შერისხვის,
არ შეჩერდე,
იარე!

აღსრულდება ყოველი, დღემდე რაიც იწამე,
დასრულდება ყოველი, მისთვის რაც გიწამია,
ოღონდ წელი ათასი მისთვის ერთი წამია
და რაკი აღიარე,
გვატარე,
მოგვიარე,
ეჭვმა რომ არ დაგვფანტოს,
როგორც მგელმა- ცხოვარი.

მოდის აღთქმა ახალი,
ახლოა მაცხოვარი.**

- - - 
*გამოსვლათა
**ქრისტიანმა მორწმუნეებმა იციან, რომ ქრისტე  შესაქმის დროს უკვე არსებობდა. ახალ აღთქმაში კი ძირითადად გადმოცემულია ღმერთის   33 წლიანი განკაცების, ,, ძე კაცისად” ყოფნის ამბავი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი