ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი


ნინო  დარბაისელი

ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი

,,ლეჩკომბინატში" დადიანს თურმე
ეთხოვებოდა მწერლობა ჩვენი.
როგორც გვჩვევია, ყველა მეურვე
იქ იყო, ქვეყნად გამოსაჩენი.

სართულით დაბლა, საერთო ჰოლში
გალაკტიონი იწვა სნეული,
ვერ ჩერდებოდა რადგან საწოლში,
დააბიჯებდა დარდმისეული,

საავადმყოფოს ხალათი ეცვა
და ბოლთას სცემდა გალაკტიონი,
აღელვებული გასასვლელს ეცა,
რა სცნო მწერლები საპატიონი

და ხელს უწვდიდა მათ მოცახცახე,
მაგრამ დაუხვდა თითქოს კედელი,
ყინულის ნიღბად გადექცათ სახე,
თვალს არიდებდნენ ხმაგაკმედილი.

ხსოვნის რომ ფარავს დაფნა და ფარჩა,
აი, მიზეზი, აწ განამხელი:
- მას უპასუხოდ, ჰაერში დარჩა
ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი!

თუ სული ასე დაიდაღება,
და გამწარდება ასე სიბერე,
წინ რაღა უდგას ფანჯრის გაღებას,
ან დანარცხებას რა უნდა მერე!

,, - სამოცდაათი ორკესტრი ჟღერდეს,
ქალი-მშვენება სამოცდაათი.."
...მაგრამ წამება უნდა დამთავრდეს,
და წამებს ითვლის უკვე საათი.
....
ვიღაც ყასიდად ნანობდა გვიან:
,,არ ვაგებეო ხელი გენიოსს''
მამულო, მტერი შენ რას გიქვია,
შინ სარეველა რომ არ გერიოს!

არ დაგელევა მარად მძრახველი,
გელის კნინობა და გაჩარჩება,
ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი
თუკი ჰაერში ასე დარჩება!

1992 - 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი