მკვახეთუთობა


ინო დარბაისელი

მკვახეთუთობა
- - -

არ ვიცი,  ახლა საბურთალოზე, ჩემს ძველ სახლთან,  წინაეზოში დგას თუ არა ჩემი თუთისხე,
ჩემი ტკბილმწარე მოგონებების შრიალა მოწმე,  სახლზე  მაღალი.

ასე მგონია, მასზე ვერასდროს ვერაფერს დავწერ,
ისე ძნელია,  მოუშუშებელ სიყვარულზე  წრფელად იამბო.

და ამ ანამაც, ლამის სახლში შემოიჭრასო,  ისე ამოთქვა, თავი მთლად უნდა გაიცეტო, რომ ამის მერე  რამე ლექსში თუთა ახსენო.

არადა, რა ვქნა, მე - სხვა არავინ,
ერთი მორჩილი,
თუთისქვეშა ბავშვი ვიყავი
და სამშობლოში  თუთისქვეშა ბავშვობა დამრჩა.

აი ეს ბავშვი:
მე -  ხისქვემოდან  მომლოდინე გვიანაპრილის ძლიერი ქარის,
დამწიფებამდე ვერმომცდელი, ძლივს-ვარდისფერი, მომცრო მატლების მოტკბო სიმჟავით ენადამწვარი.

მე - შემოსულზე, დილაადრიან ცოცხით ხელში,  ძირნაყარის მედგრად მხვეტავი, ვიდრე გასრესდნენ მოჩქარე ფეხით და მთელი ეზო მოითხვრებოდა.

მე -  კიბისთავზე ჩამომჯდარი და მეზობლების  საამაყოდ მოქათქათე თეთრეულებზე თუთანაჭამი ბეღურების ლურჯი ნასკლინტი და  ბაბოჩემის მტკიცე პირობა:
,,ერთი, თუთობაც მოილიოს და მორჩა, მოვჭრიო”.

მე - თუთობისას უფროსების ფაციფუცში,  დიდ სტუმრობაში გამალებით  წინა ეზოში ფარდაგთა მფენი, 
თუთის რხევაში, შავი მატლების ტკბილ სეტყვაში  ათასნაირ ჯამთა ამვსები, გადამვსები,  სამეზობლოში დამრიგებელი.

მე -  ბანაკიდან დაბრუნებული, ხისმჭრელების მკაცრი ხერხების  დანატოვარი წვრილი ტოტების წამომკრეფი...

ტოტები მოჭრეს, მაგრამ ტანი მაინც დატოვეს.
გამოდგებაო სარეცხის თოკის გამოსაბმელად -
თურმე ურჩია მაშინ  მჭრელებს მამიდაჩემმა.
(მაშინ ვიგრძენი: ლმობიერდება მძვინვარე გულიც,
მოოხებულზე თუ სარგებელი რამე  დარჩება).

შემდეგ გაზაფხულს გადანაჭრიდან ახალი ძალით ამოიყარა,
მაგრამ იქ უკვე აღარ ვცხოვრობდი,
ვიპარებოდი ბოლო ორი გაკვეთილიდან,
ტროლეიბუსით ჩავუვლიდი  და
ამოყრილ ტოტებს ვუთვლიდი.
იმ წელს - არა და, მოგვიანებით
მოსაკითხად ერთი ჯამი ჩამწიფებული გამოგვიგზავნეს.

პირი ვერ ვახლე.
საყლაპავი გადამეკეტა
მე უპასუხო სათქმელებით,
,,მაგრამით”, ,თუთი”
და სათითაოდ შეაცოცდნენ ჭიანჭველები,
და  მოინელეს სიამტკბილობით ხსოვნა სათუთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი