მამიდაჩემი - სემირამიდა
ნინო დარბაისელი მამიდაჩემი - სემირამიდა ამასობაში მამიდაჩემიც დაბერებულა. დაბერებულა მამიდაჩემი, ნეტა, ვინ უნდა მოუაროს? მამიდ, მიშველე, მიშველე-მეთქი, მუხლებზე როგორ ვეხვეოდი, მუხლზევით რომ ვერა ვწვდებოდი და ისიც ფიცხლივ, კალთისფერთხვით ამიტაცებდა, გადაყვლეფილებს ჯერ უბრალო მარილწყლით მბანდა, მერე იოდსაც სულისბერვით გადამისვამდა. მამიდაჩემი, ჩემი ყველაზე იმწამსაგამჩენი და ხელისგულზე სულგუნიანი ერბოკვერცხის ჩემთვის შემწველი, გაუთხოვარი, მაგრამ არა - კარგუნახავი. "რატომ? მითხარით, ამიხსენით, გამაგებინეთ!"- ვევედრებოდი როცა დიდებს ცრემლთამყლაპავი, ხოლო ისინი მპასუხობდნენ, ,,მე ასე მინდა'' ანდა ,,საჭირო ასეაო'', და ნანგრევებში მიყოლებდა როცა გოდოლი, რამის უთქმელად შუა ბაბილონს გამარიდებდა და უნაზესად კეფისა და ზურგის ფხანით მიმარინდებდა და მირინდულზე ყველა კითხვა, ყველა პასუხი მისი ნაწყობი ტუჩ-კბილიდან გადმოსხივული ღიმილივით ნათელი იყო. ჩემი ნათელი, ჩემი, ჩემი, ჩემი მამიდა! მერეც, გვიანაც, მამიდასთან დავრეკავ-მეთქი, ვეუბნებოდი სწორებს, როდესაც რამე კითხვაზე უიმედოდ პასუხს ვეძებდით. ყოფილა ისიც, მოულოდნელად შუა ლხინს რომ გავეცლებოდი, მამიდაჩემი ვერ არის კარგად, აფთიაქიდან რაღაც წამალი სჭირდება-მეთქი, დავუყვებოდი მერე სულელურ მაღაზიებს, იმათ ვიტრინებს, შებინდებულზე ფიჭა-ფანჯრების თაფლისფერ შუქით გულს ვიტკბილებდი და ასე, მარტო ვეხეტებოდი. მამიდაჩემი! ჩემი მამიდა, ვინც ჩემი პირით მოკითხვას და სამძიმარსაც არასოდეს გიგვიანებდათ, ვინც ვერასოდეს ვერავისაც ვერ გაგაცანით, ასე, შორიდან ვინც გამეგობრეთ, ვინც ცხოვრებაში არასოდეს არცა მყოლია, ვინც სიბერემდე წარმოსახულ მეგობრად მომყვა, მამიდაჩემი, ჩემი მამიდა! ჩემო მფარველო, დევნით დაღლილო, თვალცრემლიანი რად გელაღები! დიდებულება მიყვარდა შენი, ჩემთვის გაშლილი იალაღები, შენი ბაღები - ცაში ნაშენი, ღიმილი შენი - ცის გასაღები, დაკიდებული შენი ბაღები, გადახლართული ვარდის თაღები, დაულექავი გულში - ლამი და თვალზე - ნამი და შენ, დედოფალო, სემირამიდა, მამიდაჩემო, ჩემი მამიდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი