ამბავი ჩემი დაბოლილი სიყვარულისა (შესავალითურთ)
#ლექსები ეს - შემთხვევით ვიპოვე ახლა. მთლიანად არა და ერთი პასაჟი აქვს ეროტიკული. მე ხომ მეგობრისთვის ჩემს ეროტიკულ ლექსებს ვაგროვებ. სინამდვილეში - პოეტური ექსპლიკაციაა აზრისა, რომ “ცინიკური ადამიანები - რეალურად არიან ისინი, ვინც ადრე ძალზე მგრძნობიარენი იყვნენ და ამის გამო დიდი სულიერი ტრამვა გადაიტანეს. ცინიზმის ნიღაბი - მათი თავდაცვითი იარღია” მე ხომ ნებისმიერ ლექსს აზრობრივ კარკასზე ვაგებ. დანარჩენს ყველაფერს ამ აზრს ვუხამებ, რასაც როგორ მოიხდენს - ჩემი აზრით. სულაც არაა საჭირო და სავალდებულო, სხვა ავტორებიც ასე იქცეოდნენ. უბრალოდ, ჩემი ინდივიდუალური ხელწერაა ასეთი. ნინო დარბაისელი ამბავი ჩემი დაბოლილი სიყვარულისა - - - - - 1. შენი ამბავიც გვითხარიო. ან მოსაყოლი რაღა არის, მაგრამ დღეს ისეთ ფავორშია ეს პოეტური ნარატივები, ერთსაც აიტანთ. ალბათ მოელით, რომ შემოგტიროთ, რა დამემართა, როცა გავიგე, ჩემი მთავარი სიყვარული, დღემდე ცოცხლად რომ ვკითხულობდი, რახანია, მკვდარი ყოფილა; შემოგქვითინოთ, რომ ჩავუთქვი, იმის საფლავზე მარტოდმარტო ჩამოვჯდებოდი და გულის ქარსაც ამოვიღებდი... ნახეთ, რა კარგი სცენა გამოდის: ქალმა მიაგნო საყვარლის საფლავს.. (ზედ აკვდება პოეზიას, ოღონდ ძველებურს). ახლა რაღა დროს ეგენია! ესეც არ იყოს, პოეტი - მხოლოდ ლექსებში ვარ, ლექსებგარეთ კი ცხოვრებაა და ცხოვრებაში არსება ვარ მე ამორფული და დაბადებით ცინიკური ადამიანი. 2. შენი ამბავიც გვითხარიო... როგორ ვაქციო, ამბად, ასე?! - მე ერთხელ ერთმან ერთგან როგორ შემომიარა, შიგ გულში როგორ გამიარა, გადამიარა, და წლების მერე რომ ჩაიარა, სათვალიოდ სახსოვარიც არ დამრჩენია, უხმო სათქმელი კი გავაყოლე, როგორც საგზალი, კარის პარმაღთან ღამენთევი მასპინძელი რომ წამოგეწევა, რაიმე ხორაგს, იმდენი ხნით სუფრაზე ნადებს, გამოხვეულს უცებ ხელში რომ შემოგაჩეჩებს, შენ - ღიმილიან მადლობას იხდი, ზრდილობისთვის, მიმავალს კი ერთი სული გაქვს, თვალს მიეფარო, ნასუფრალისგან უცებ ხელი რომ გაიცალო. განა ცოტაა ირგვლივ ასეთი უამბო თუ უამბავო სიყვარულები? განა მე ცოტა წამომკიდეს? განა მე კი დიდხანს ვატარე? 3. როგორი იყო?! - საცრისოდენათვალებიანი. დღისით, შეხვედრილს - მაიგნორებდა. მხოლოდ ხანდახან მომაწყდებოდა იმისი ზარი. ბიბილოების გახურებამდე, ყურის ხრტილების დაბეჟვამდე მევედრებოდა, რომ მყვარებოდა, და მარწმუნებდა, რომ ერთადერთი ვეგულებოდი, თითო ლექსს ასჯერ მათქმევინებდა, ისეც მომხდარა, რომელიმეს ჩაგვძინებია, “-აქა ხარ? მისმენ?” - ჰო" მიკ ჯეგერი გვიყვარდა კიდევ და გვაგიჟებდა დოლი პარტონი: "ჯოლი, ჯოლიიი..." მერე ისევ იკარგებოდა. მერე და მერე არ არსებობდა მელოდია, რომელიც მისი ზურგის ნეკნების ქსილოფონზე ორი თითით ვერ ეწყობოდა. რა ბევრი უნდა კარგ მელოდიას, ერთი - სრულიად ამორფული, ერთიც - მორფული. ფული?! საფულე და პარკეტზე - ხურდის წკრიალი. ჩემს სიზმრებშიაც გაიჯეჯილა. იმისი ბრალით იმის მერე ვერცერთ სიყვარულს ბოლომდე გემო ვერ ჩავატანე. 4. დღეს თითისტოლა ბავშვმაც კი იცის, როდესაც ვინმე ზუსტად მთვრალივით ლაპარაკობს და უსასრულოდ სასაცილო ეჩვენება ეს ცხოვრება და მთელი სამყარო, ღვინის სუნი კი არსაიდან გცემს, ეს სხვა რამეა. მე ამას როგორ შევესწრებოდი, ის გოგონა კი სუმთლად ბავშვი, ან თუნდაც გვიან დაქალებული, ცხოვრება ესე, აიდოსტის ძვალივით ხელში რომ შეატოვეს, რას მიხვდებოდა! ძირგამომურულ სადილის კოვზთან - სანთებელა, სადმე კუთხეში ან თაროზე! ერთხელ, მრავალჯერ- ეს საკითხავი კი არ არის, ეს პასუხია, ნიშანია! ეს არის წყევლა და საწყევარი, მაწყევარს - ვაი! ვიდრე რაიმეს ინატრებდეთ, ნატვრის ძალისა გეშინოდეთ, ნატვრისას ძრწოდეთ, თორემ ისეთ დროს აგიხდებათ, ვაის შეგყრით და ვუი წაგიღებთ. 5. ესეც ფინალი! ხმით ამოვთქვი ის სიყვარული, ავახმიანე თუ ცხად-სიზმრული წარმოსახვანი გადმოვალაგე დავალაგე, სიტყვად ავახმე, და რაკი დროზე მოწეულ ხილად მე ვერ ვიგემე, დამწიფებული ჩამოვწყვიტე და ჩამოვკრიფე და მე, ჩემდა ჭირად, ჩირად გავახმე, ოდნავ მჟავეში არეული სიტკბო რომ არა, ის ნახილარი აბა, რაღას შეიხედება! სიცოცხლის წვენი - საბოლოოდ ამომშრალია, მაგრამ ის გემო, სიბრძნის გემო შორეული მაინც მოჰყვება, რომ ამა ქვეყნად “ვაი” და “ვუი” არიან მართლა ტყუპისცალები, მამა - ბრმაა და დედა - მუნჯი დაბადებიდან, ხოლო სახელად დედას იმას “ავაჰმე!” ჰქვია... გესმის?! გეძახი! მე ვარ. - ავაჰმე! ჰმ, მე როგორ დამეჯერება! რისი საფლავი, რა მეობა - ავაჰმეობა. როგორც ლამაზი, გაუთხოვრად ჩაბერებული, ადრე რომ სხვებზე უქოქოლია, გონს კი მოვეგე, მაგრამ გვიან, თავს-ღა ვიზღაპრებ, ვითომ ცხოვრება მეცა მქონია. ვითომ აქამდე სიყვარულის მელანქოლიით გული მეც მძიმედ ჩამიქოლია... ვის მოეკითხოს, რომ ცხოვრებაში არსება ვარ მე ამორფული და ცინიკური ადამიანი! 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი