თამაშგარე


ნინო დარბაისელი

თამაშგარე
- - - - - - - - -

ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.

მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა ფორთოხალი
ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ
გორდებოდა ახალმწვანეში,
ზოგჯერ კალათშიც ვარდებოდა...
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.

დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და
ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით
აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ
კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა .

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .

მე ავიტატე ბავშვი ხელში,
შინ გავეშურე ,
იქ კი ,
ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი