მოწყენილობის პარადიგმა
ნინო დარბაისელი მოწყენილობის პარადიგმა (თეონასათვის) რა ბილიკები, რა ხიდები, აღმართ-დაღმართი!.. შვილო, რამდენი სავალია, მიმოიხედე! ოღონდ აქეთკენ ნუ წამოხვალ - შემოგიტყუებს ნელსურნელება ვარდისფერი, ბგერა-ხავერდი! მართლა ვარდებით ნაფენია გზა სიყვარულის, მაგრამ თვალთაგან მცვივა სიმწარით მე ნაპერწკლები - ვერც წინ მივდივარ, ვეღარც უკან. ვაი, ვეცემი! წამის წამიც და, კვნესას ჩემსას ცაში ვეწევი. დაბლა კი, დაბლა - დინებას თავქვე მიჰყვებიან შეყვარებულნი, ცრემლდიდობისგან ფესვიანად მოგლეჯილები და იმათ შორის, ძლივს-ღა ვარჩევ, როგორ ირწევა აიმ ვარდისფერ კალაპოტში ჩემი სხეული, ჩემთვის ასეთი ახლობელი და შორეული. მაღლა, ო, მაღლა, კიდევ მაღლა! რა სილაღეა! ამ სიმაღლიდან ჩვენი მოდგმის მთელი სავალი უფლის გადაშლილ ხელისგულზე ერთ ხაზად მოჩანს. ყოფიერების ევერესტიც ბორცვი ყოფილა, პატარა ბორცვი - თავზე ყინულის ნამცეციანი. მანდ კი, რა უნდათ ნინოსაგან ადამიანებს, როგორ ანჯღრევენ, ნეკს უჭრიან, როგორ შიშობენ, ყოფის ბარგი არ შეატოვოს! კარგი, ეყოფათ! დავუბრუნდები. თუ შეგიძლია, ნურასოდეს მისაყვედურებ. დედის წესია, ვიდრე სასმელს გამოგიწვდის, ჯერ თვითონ სინჯავს. არა, პატარავ, ეს საშენო წყალი არ არის! წადი და თვალი მაინც აქეთ თუ გამოგექცა, გახსოვდეს, ამ გზამ დედაშენი როგორ დაღალა, როგორ წაართვა სიცოხლის და სიკვდილის ღონე. რაო, პატარავ, ამ სიტყვებით რად დაგაღონე? რა - გზა, რა - ვარდი, რის - ფრენა, რა - ევერესტი! ამ ზამთრის ღამეს მე, უბრალოდ, მოწყენილი ვარ, და... ყველაფერი გასართობად გამოვიგონე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი