ბიჭი “იამახათი”


მეგობრებმა აეროპორტში გამაცილეს და მე ვუთხარი, რომ მახათზეც კი შეიძლება  კარგი ლექსი დაწერო, ოსტატს გააჩნია. რესტორანზე დავნიძლავდით. მოვიგე.

ნინო დარბაისელი

ბიჭი “იამახათი”


აეროპორტს ვეღარ შველის,
უფალო, ნება შენი.
დაერივნენ ჩემს ბარგს ქშენით
“ციური მებაჟენი”.

არც რამ აალებადი,
არცა რამ იარაღი,
ამაცალეს, რაც მებადა -
ერთი ბოთლი არაყი.

ბედის უკუღმართობით
მე - სევდამორეული
რითმებითღა ვერთობი
და მევსება რვეული.

გულს მომედო რაღაც ფერისცვალება.
მხარზე ჩანთით, ხელში “იამახათი”
გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება,
გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.

რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია.
მე ის ფურცელი
წამოსვლისას
სასთუმალთან,
წიგნში ჩაგიდე,
მაგრამ არ ვიცი,
მინდა თუ არა,
წაიკითხო.
ზედ ერთი სიტყვა წერია:
“მაპატიე!”

სასაზღვრო ზოლთან
სულ გაფერმკრთალდა
შენი სათვალე - “ქამელეონი”.
(მე თავიდანვე არ მიყვარდა
კაცის ცრემლები).
განშორებისას
მე ხომ ცივად მოლაპლაპე
ქვა და რკინა ვარ,
ბოლო წამს მაინც ჩავიფიქრე,
თუ მიმავალი
ერთხელ მაინც მოიხედავდი,
ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შენ, რა თქმა უნდა,
არ მოგიხედავს.
ან იქნებ კიდეც მოიხედე,
მაგრამ დაფარა შენი სახე
მოჩქარეთა მღვრიე ტალღებმა.

ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ,
ანდა არ ესმით აღარაფერი,
რადგან ისინი
თვითმფრინავებს
მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.

ადიდებულა არეები
ტურბულენტური.
ივსება ზეცის მორევები
ფრთებდამწვარი ანგელოზებით!

რას აცხადებენ?!
ამ ავდრის გამო
უკვე მესამედ გადაიდო
ჩემი რეისი.
მე მაინც არსად მომელიან,
რა მეჩქარება!
და ფრთხილად ვსუნთქავ,
უნებლიედ რომ არ შევაკრთო
მხარსმონდობილი
მძინარე ბიჭი - შენფერთვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი