რეკვიემი ქეთინოსათვის
ნინო დარბაისელი რეკვიემი ქეთინოსათვის ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით. სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი? გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა. ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი, ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე? ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის. ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა! მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე. “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი