კარმენ - კალასი


ნინო დარბაისელი

კარმენ - კალასი

ვერ ვიქნები ვერასოდეს ზნეკეთილი  დამა, დონ!
ათასჯერაც რომ შემიპყრონ და ბორკილი დამადონ!
დონ, სულ ერთხელ მომეჩვენა, თითქოს ვნება მომგვარე,
მძულს  ამქვეყნად ყველა შენი მოსახელე-მოგვარე.
კინკრიხოზე გეტყობოდა, რა ლაჩარიც  გამოდექ,
ნუ მოელი, გემუდარო:  - შეწყალების გამო, სდექ!
მაინც გეტყვი მოღიმარი, თუმცა სისხლით ვიცლები,
რაც ვიყავი, იმად დავრჩი, მე ვერ გამოვიცვლები.
ხელს დანიანს, მოცახცახეს იმის ტორი ადარე,
სად  - შენ,   დედას ტკბილო ბიჭო  და სად - ტორეადორი.
ბავშვობიდან  მდევდა მუდამ ბედი უამინდო და
სულ უბრალო ბეჭედი და ერთი ვარდი მინდოდა,
კაცს მოსთხოვო რა დანდობა, ანდა რა რაინდობა!
რა დამიჯდა ერთადერთხელ  მთელი გულით მინდობა!
კარს მომდგარი შუაღამეს  ნეტავ  ვინ სტუმარია?
დაკეტილში შემოვიდა, ძალაც არ უხმარია.
 მასმენინე, ამბობს, მეცო,  ეგ სოპრანო,  მარია!
ვცნობ იგია, მაშინ ჩემი ვინც არია არია,
ეს ლანდებიც დაუნდობლად  მანვე  შემომისია:
ერთი - ძეა არშობილი, ესეც - ონასისია.
 არასოდეს მომეშვება, როგორც ჟაკლინს - დალასი,
სხვა არავინ აღარც შემრჩა, აღარც ნიჭი ხალასი,
მონატრული სცენის მტვრისა და კონცერტის, გალასი,
უხმოდ გიხმობ, ანგელოსო,   მე, მარია კალასი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი