დილისპირს დედიშობილანი
ნინო დარბაისელი დილისპირს დედიშობილანი (“მთელი ხელოვნება ეროტიკაა”- გუსტავ კლიმტი) დილისპირს დედიშობილანი რომ წვანან თავფეხშექცეულნი, ძილ-ღვიძილს რომ ვერ ეხსნებიან, უცებ კარი რომ გაიღება, შემოდის კაცი საგარეოდ ჩაცმული, უხმოდ აცქერდება. იგივე თვალები, თმაც იგივე, გახდაც და ჩაცმაც რომ უხდება! დაბნეულობისგან ქალი შრება, ფიქრობს: - ეს როგორ შეიძლება, თან გვერდით მეწვეს და თავზეც მადგეს? ალბათ ძილია და მესიზმრება. ახლად შემოსული ტახტზე ჯდება და კარი ისევ გაიღება. შემოდის კაცი ხანდაზმული, ჭაღარა - მხრებამდე ეფინება, უსიტყვოდ - საგარეოს მიუჯდება, თვალებით - ჩამქრალი ნაღვერდლებით ქალს გამყინავად აჟინდება. ქალს სიტყვა ყელში ეჭედება: -როგორ შეიძლება, გვერდით მეწვეს, თან აქ შემოვიდეს? არ იქნება! მამაა? რა უხერხულია, რა ვუყო, როგორ მერიდება!... არც გასაქცევი არსადა მაქვს, არც რომ ჩასაცმელი მებადება, ალბათ ძილია და მესიზმრება. და კარი ისევ გაიღება, ისევ ჭრიალით გაიღება, ღრიჭოში - ხელი ბეჭდიანი, ძარღვებამოყრილი ხელი ჩნდება, შემოდგამს სარწეველას, იხურება კარი და ჩვილი ატირდება. შია და ძუძუ მოუნდება. - ეს როგორ იქნება, არ იქნება! თან ჩვილი იყოს და თან აქ მეწვეს? ალბათ ძილია და მესიზმრება. კარი გაიღება მიჯახებით, ოთხი შავნიღაბა სახე ჩნდება, მხარზე სასახლე აქვთ შემოდგმული, დადგამენ. ხმას არ გაიღებენ. ოთხივე ოთახიდან ერთად ქრება. სასახლეს თავი აეხდება, იქაც იგივე სახე ჩნდება, თხელი, ცვილისფერი სახე ჩნდება. - ეს როგორ იქნება? არ იქნება! თან გვერდით მეწვეს და თავზეც მედგეს, თან მამა იყოს? მერიდება. ძუძუ ვაწოვო თუ დავიტირო? ღმერთო, ნეტა როდის გათენდება. ალბათ ძილიაო და მესიზმრება. კარი შეყოვნებით გაიღება, ქალის მოქნილი ტანი ჩნდება, ტახტიდან ორი ეგებება, მკვდარი - კუბოდან წამოდგება. ქალი ჩვილთან მივა, ამოიყვანს, ჩვილი ძუძუზე მიეკვრება. ჯერ შორი არფა აჟღერდება, ციმბალებს პიკოლო ენაცვლება, ბრახუნს ბრახუნი უერთდება და შორი ორკესტრით აწყვეტილით, შორი დირიჟორი ილანდება. ყველა ერთიანად აცეკვდება, ღმერთო, ასე როგორ შეიძლება, რძე გასდის, თან მკვდარს ეცეკვება, ოფლის არეული სუნი დგება... თითქოს მე ვარ და მეც არა ვარ, ღმერთო, ასე როგორ შეიძლება, თან აქ ვიწვეთ და თან - ორგია, ჩვენ აქ ვიწვეთ და მრავალგია... ასეთი არაფერი გამიგია, ასეთის არაფერი გამეგება, ეს რა განსაცდელი მომეგება! დილისპირს დედიშობილანი რომ წვანან თავფეხშექცეულნი, ერთი - საბანში ჩაეხვევა, მეორეს - სულ გადაეხდება, სიზმარში რა არ გადახდება, შიშით თავისქალა აეხდება, ღვიძილი სანატრი გაუხდება. ხდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი