მიქელანჯელო
ნინო დარბაისელი მიქელანჯელო მეორედ მოსვლისას მე ვინღა აღმადგენს, რატომღა ვწვალობ და ვირჯები რაღამდენს. შენ ბუანაროტო, რატომ გამიმხილე ღმერთის საიდუმლო, თვალითაც ვიხილე, რომ თუკი აღვსდგებით ჩვენივე სხეულით, გაგვძვრება ეს ტანი, სულზე მოხვეული და დაგვიბრუნდება ის ერთი იერი, როდესაც ვიყავით მართლა მშვენიერი, მართლა ბედნიერი, მამაცი, ძლიერი, მართლა ახალგაზრდა და არა - ხნიერი. ვინ - ღვინით მათრობდა, ვინ- სიტყვით, ვინ - ყავით, ვფიქრობ და არ მახსოვს, როდისღა ვიყავი ფხიზლად ბედნიერი, რომ თავი მახსოვდეს, წარსულის ხსენება სირმებს რომ მაქსოვდეს. უნდა გადავხედო შინაურ ალბომებს, რამეს გამახსენებს, რამეს მომანდომებს, მაგრამ ტყუილია ძიება ყოველი, წარსულ ძველმანებში განა რას მოველი. ვიპოვე სხეული !(უცებ გამეცინა) - როცა ახალშობილს გამძღარს ჩამეძინა. უფლის საჩუქარო ან იქნებ სასჯელო ღვთიურო, ვირივით ნიადაგ გამრჯელო, უკვდავო, ნეტარო ტანჯულო, მტანჯველო, შენ მიქელანჯელო, შენ მიქელანჯელო! ფოტოზე: მიქელანჯელო, სიქსტის კაპელა, დეტალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი