სამშობლოსათვის - დრომგრძნობიარე


ნინო დარბაისელი

სამშობლოსათვის დრომგრძნობიარე*

თქვენ რაღა ჩემი სწავლება გინდათ,
ოსტატები ხართ გამოცდილი!
ეს  რაღაცით ძალიან ჰგავს
სეირს,
გულში ღიმილისმომგვრელს,
მაკიაველი
თავის წიგნებში
მეფის ოჯახს რომ ასწავლიდა,
მეტოქე როგორ მოეწამლა
ანდა რა გზები არსებობდა შეთქმულებისა.
და მაინც ვამბობ,
მცონარენო,
მაგ გავლენიან სკამ-სავარძლებზე
ფულითა და ნაცნობობით მოხვედრილებო:

ქვეყნის მოყვარე,
გულანთებული ვინმე უცებ  თუ მოგადგებათ,
კარგი საქმე გავაკეთოთო,
გიჟად ჩათვალეთ!
… და არც ძალიან შორს იქნებით სიმართლისაგან,
აბა, ჭკვიანი ასეთი საქმით შეგაწუხებდათ? -

ჩქარა,
ჩქარა,
დღესვე,
ახლავე,
ხედავთ?
კვდება,
ქრება,
ინგრევა,
შველა!”

მშვიდად მიუგეთ, საქმიანად -

ჯერ დაგვიწერეთ განცხადება,
დატოვეთ კანცელარიაში,
განვიხილავთ, მოვითათბირებთ,
შევეცდებით გზა გამოვნახოთ.
და ერთ თვეში გამოგვიარეთ.

ერთ თვეში მოვა?! -

ჩქარა,
ჩქარა,
დღესვე,
ახლავე,
ხედავთ?
კვდება,
ქრება,
ინგრევა,
შველა!

თქვენც - უპასუხებთ იმ
ღიმილით,  რომ ისწავლეთ მაგ გარემოსგან,
რომ დაოსტატდით,
ერთ შეხედვაზე წუხილსა და თანაგრძნობას რომ გამოხატავს,
დაკვირვებისას კი
შიშნარევი ირონია რომ აღბეჭდვია -

სამწუხაროდ,
განსახილველი საკითხებით გადავიტვირთეთ,
თქვენი საკითხი ვეღარ მოესწრო და
შემდგომისათვის გადავიტანეთ.
გთხოვთ დამშვიდდეთ,
რატომღა ღელავთ,
მომავალ თვეში გამოგვიარეთ!

არ აიჩქაროთ გულისცემა!
რა წესი არის
სამოც წუთში - ასოცი დარტყმა
რამე ასეთი -

ჩქარა,
ჩქარა,
დღესვე,
ახლავე,
ხედავთ?
კვდება,
ქრება,
ინგრევა,
შველა!

გულს - მოვლა უნდა!

განა თვალივით,
ან ყურივით,
ხელ-ფეხივით -
გარეთა გვაქვს  და ორი გვაბია!
განა ასე არა სჯობია?!
მშვიდი,
კარგად გამოცდილი,
ღიმილიანი:

“სამწუხაროდ,
განსახილველი საკითხებით გადავიტვირთეთ,
თქვენი საკითხი ვეღარ მოესწრო
და შემდგომისათვის  განსახილველად გადავიტანეთ”.

კიდევ მოგადგათ?!
მოსალოცია,
რომ თავიდანვე გამოიცანით, -
არა ყოფილა ეს პრობლემა თურმე მართლა დრომგრძნობიარე,
თორემ აქამდე მოატანდა?
დრო თქვენ გენდობათ,
თქვენც - დროს მიენდეთ ნებიერად,
გულარხეინად!
დრო ხომ ბრძენია,
ყველას მოუვლის,
მისთვის ერთია კარგი თუ ავი,
და ყველაფერსაც მოაგვარებს,
მარად მფეთქავი.

სამშობლო?

სამშობლო - ჩვენი  სიცოცხლეა,
ხოლო სიცოცხლეს - გული უნდა გაუხეთქავი!

- - - -
* დრომგრძნობიარე - ჩემი შექმნილი სიტყვაა, ტყვიაგაუმტარის, ცოცხალმშობიარე, ქარსაცავი  და ამ ტიპის სიტყვების ანალოგიით.
გამოდგება თარგმანად ინგლისური  ,, time sensitive” სა და რაკი ვგრძნობ, რომ მის გამოყენებას დიდი პერსპექტივა აქვს,
ვაპატენტებ საჯაროდ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი