ჯონ!
ნინო დარბაისელი ჯონ! (ცხოვრება არის ის, რაც რეალურად შეგემთხვევა, როცა სრულიად სხვა გეგმებზე ფიქრობ - ჯონ ლენონი) - - - ჯონ, ხმა გამეცი! ჯონ, მისმინე, ჯონ, მართალი ხარ, ჩვენი ცხოვრება ის ყოფილა, რაც შეგვემთხვევა, როცა მომავლის გეგმებზე ვფიქრობთ და ცხოვრებისთვის არა გვცალია. ჯონ, მგონი, თავი შეგაწყინე ამ უსათქმელო ლაპარაკებით, მაგრამ ყველა რომ მხოლოდ იმას ვამბობდეთ და იმაზე ვლაპარაკობდეთ, რაც სათქმელია, დედამიწა დამუნჯდებოდა, დაყრუვდებოდა, ადამის მოდგმას მოუწევდა გადაშენება და მთავარ მთქმელსაც - ვინ მოუსმენდა, ჩემო გამხდარო, მოხრილო და ახლომხედველო, შენ, გაუზრდელო, დაბოლილო და უადგილოდ, ჩაბჟირებამდე მოცინარო, შენ, პლაკატიდან გადმოსულო შეყვარებულო! ჯონ, მომისმინე! კარგი ბიჭები ასეთები ხომ არ არიან ანდა სამადლოდ ნათესავები ხომ არ ზრდიან, დედა უმზადებთ ნოყიერ სადილს, დამოკლებული შარვლის ტოტებსაც ჩამოუშლის, გააუთოებს და მერე ნაზად შემოუტეხავს. კარგი ბიჭები მშობლებს (კარგებს? ცუდებს?) მისდევენ და თანდათან ნაბიჯს უწყობენ, მშვიდად ხელიხელჩაკიდებულნი. ჯონ და, რა, იცი?! - დედები ჩუმად ეუბნებიან, იმ კარგ ბიჭუნებს, მშვენიერ ბიჭებს, უცებ არ აგყვნენ, შენნაირები არ გამოვიდნენ, მაგრამ იმ ბიჭებს ცალი თვალი შენკენ მოურბით და სადაც გასდით, როგორც გასდით, ვისთანაც გასდით, შენვე გბაძავენ. ჩვენ კი, გოგოებს, რა მეტი ჭკუა მოგვეკითხება, იქით მივიწევთ, სადაც უფრო მეტი ჯონია, ლენონია, ლენონებია, ჯონ, წლები გადის. შენ - არ იცვლები, მე კი... ო, ჩვენ კი წარმოიდგინე, თუ რამე შეგვრჩა გოგოური შენ შეგეხება. ჯონ, მომისმინე! დღეს შენი დღეა, თანაც - წვიმა და საოცარზე საოცარია, უაზრო წიგნში რაღა დღეს შემხვდა ოდესღაც, სადღაც დაკარგული შენი სურათი! ჰო, შავ-თეთრია, აქ - სიჩუმეა, მე - შენსას, შენზე და უშენოდ ხმამაღლა ვმღერი. ჯონ, ბოდიში, ჯონ, არ მისმინო, ჩემთვის ვგიჟობ სიმარტოვეში და აი, დარდი, არაფერი თუ არ გამომდის! მარწყვის მდელო, მარწყვის მდელოო, იქნებ ეს მართლა წითელ-მწვანედ მოხასხასე ნეტარებაა და არა მკაცრად მოღობილი, ობოლთა და უპატრონოთა თავშესაფარი. მწარე სიმართლე, თუ მომხიბლავად და ძვირფასად შემოსილია, ასე ართობს და ახალისებს ადამიანებს. რად უნდათ მეტი, ყველა ისედაც გატანჯულია, დახარჯულია დასახარჯიც რაღა დახარჯონ? სხვისი ობლობით გაიტანჯონ? ჯონ, რა რჯულია! დედას ვინ ეტყვის: ნუ მოხვალ, დედა, დედა კი არა, და ხარ, ჯულია! - ჯონ, შენთან მაინც ვერ დავრჩებოდი, მელოდებოდა ჯურღმული - "დენჯონ" ვერ მოგეწევა, ჯონ, ჩემი ლოცვა, ვიცი, სადაც ხარ, თავს გაიტან, ჯონ! ჯონ, შენი დღეა და თავს ვულოცავ, ჩემო ტკბილმწარევ, ბუზისტოლაა ყველაფერი, რაც უკან გვრჩება, რაც წინ მოგველის, როგორია, სხვისთვის - სხვაო და ჩემთვის - წიქარავ? სიბრძნეთა შორის რამდენი გიქრის, რამდენს მიქარავ, ტკივილები რომ დაიოკო.. ესეც აქ იდო: ცელქი ბავშვები, ზურგით მდგარნი - შენ და იოკო! მკვრივო და მძიმევ, მოქანავევ, გულის სიმიდან ჩამომწყდარო ოქროს ქანქარავ! ჯონ! ისვრიან, ჯოოოოოოონ! - - * პირველი სტროფი წარმოადგენს ალუზიას ჯონ ლენონის უცნობილესი ლირიკისა: “Before you cross the street Take my hand Life is what happens to you while you're busy making other plans” (ვიდრე ქუჩას გადაჭრი, ხელი ჩამჭიდე. ცხოვრება - ისაა, რაც გემართება, ვიდრე დაკავებული ხარ სხვა გეგმების დაწყობით” ** “მშვენიერი ბიჭი”, “მარწყვის მდელო” ”ჯულია”- ჯ. ლენონის სიმღერათა სათაურები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი