უთოფო ნადირობა ტახზე


ნინო დარბაისელი

უთოფო ნადირობა ტახზე


ტახის დაჭერას არ სჭირდება თოფი  და ხმალი,
გამახსენდება, როცა იმედი მიწყდება ხვალის.
ტყეში იპოვე ალაგი, სადაც
ბინადრობს ტახი,
ან გამოჰკითხე მონადირეებს, სად ჰყავთ ნანახი
და იმ ადგილზე ყარე და ყარე მერე სიმინდი,
დღეც არ ჩააგდო, ნუ შეგაკრთობს ცუდი ამინდი;
მთელი კოლტი რომ მოიჩვიო, ყარე და ყარე,
ერთ დღეს კი მტკიცედ შემოსაზღვრე ერთ მხარეს არე!
ჰო, არ გაჩერდე, მიაჩვიე, ყარე და ყარე,
ამასობაში კიდევ ერთი შეკარი მხარე,
მესამე მხარეც მოუსაზღვრე, განაგრძე დაყრა,
სამ მხრივ მოსაზღვრულს მტკიცე კარიც შეაბი ახლა.
ყარე და ბოლოს მოჩვეულებს,
ჭამით გართულებს
ის კარიც უნდა ჩაუკეტო!...ჭირებს ქართულებს
ვინ  მოსთვლის, გვქონდა სამშობლო და შეგვრჩა პარტახი,
უკვე ყელამდე გვეჭირება ყველას არტახი.
სარჩოს მძებნელმა მახე როგორ ვერ დაინახე,
ლომო და მგელო, თავი ასე რად გაიტახე!
დღეს ერთიანად ხაფანგში ვართ ტახი, არ- ტახი,
ვის რა მოვკითხოთ,
ვის რას ვერჩით,
ჩვენზეა ახი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი