აპაჩური პეტროგლიფები


ნინო დარბაისელი

აპაჩური პეტროგლიფები

(ვარიაციები ამერიკელ ინდიელთა ანდაზების თემაზე)

***
ვინც იყო და ვინც აქ არის ან ვინც  მოვა, 
ღმერთმა ერთად მოაგროვა,
ყველა ერთად არის მხოლოდ  ერთი ბავშვი -  ერთი ბავშვი - დედა-ცისქვეშ  მოთამაშე!

***
სოფლის ძაღლები გამეტებით შეჰყეფენ მთვარეს,
მთვარე  - ცაზეა, მიცურავს და მინაბავს თვალებს.

***
მიმოიხედე! სამყაროა სიკეთით სავსე
და თუ აქამდე  უმადურად ცხოვრებას შერჩი.
სხვაზე ნუ ბრაზობ, სჯობს იფიქრო საკუთარ  თავზე,
უბედურების  ის  მიზეზი  - ეძიე  შენში!

***
ან უნდა იყო ბავშვი,  ანდა უბრალოდ შტერი,
რომ დაიჯერო, ტკივილს გაყენებს მხოლოდ მტერი.

***
სახლიც რომ გედგეს
სხვაზე დიდი, ტუფით ნაშენი,
ცოლიც რომ გყავდეს რჩეული და ყველაზე მშვენი,
თავზეც გეხვიოს ძენი მგელთან მოთამაშენი,
არ დაჯდე, ვიდრე არ დაჯდება უფროსი შენი!

***
ყოველ ცისმარე
მე ეს ცოდნა შემიძენია,
ჩვენი სიზმარი
თუ ჩუმდება,
- ჩვენზე ბრძენია!

დალოცვა

შეიძლება, ცუდ დროს  - ცუდ ადგილას იყო,
ცუდ ადგილას იყო, უცებ გაირიყო!
ანდა ცუდ ადგილას - ბედი გაგებადროს;
კარგ ადგილას მოხვდე, მაგრამ გაგიავდროს,
  დაე, მოხვდე მუდამ კარგ ადგილას  - კარგ დროს!

***
თუ გსურს თავიდან აიცილო ხიფათი, ავი,
ბრძენს დაუჯერე,  ნუ ენდობი ტყუილ- არაკებს!
ძაღლს მოერიდე - თუ არ არის იგი მყეფავი,
კაცს მოერიდე - თუ არ არის მოლაპარაკე!

***
შენი მტერი ნუ გგონია მამაცი და მარდი.
სიბნელეში - ყველა კატა ხდება ლეოპარდი.

***
ეს სიბრძნე მართავს მთასა და ვაკეს,
სიბრძნის გარეშე თავს  გვესხმის რეტი:
- რა სჯობს აზრიან მოლაპარაკეს,
მაგრამ დუმილში  - აზრია მეტი!

***
გაზაფხულზე გიჯობს,
ფრთხილად დააბიჯო.
მადლი - მოსულია,
მიწა  - ორსულია!

***
სულს ცისარტყელა არ ელოდება,
ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება.

***
გინდ ღარიბი იყავი, გინდა გქონდეს ქონება -
სულერთია ღმერთისთვის. ყველა დაემონება!

***
ეს სიბრძნე წინაპრებისა, დაუწუნია არავის:
- ცუდია მასწავლებელი, სულ თუ მოწაფეც არ არის!

***
იმ ხაფანგში არ ჩავარდე, რაც მხეცისთვის დაგიგია,
თუ სიყვარულს რამეს უგებ, თვით ღმერთისა გაგიგია!

***
მამაცი და  - ზარმაცი?
ჯერ არ დაბადებულა,
დაუზარებლობაა -  სიამაყე კაცისა.
ხიფათს გამოეცალე!
იქ იყავი მამაცი,
სადაც ფასი იციან  კაცის სიმამაცისა.

***
რასაც არ ელი - გიპოვის,
მოვა წვიმად და ქარად.
შიშს ან თვალებში ჩახედე,
ან გაასწარი ჩქარა!

***
ბედი  - ეძლევა სულელს, იმის სავალზე ძევს.
უბედურება - დასდევს ყველაზე კარგს და ბრძენს.

***
ნახე, განა კიოტი დარბის დაოთხილი?
იცის  დაცდა, სიჩუმე, მოძრაობა ფრთხილი.
ყველა წაგებულია, ვინც შიშისგან კიოდა.
მოგებულმა სუყველამ - თავი გაიკიოტა!

***
მინდა, მომეცეს ძალა,
ძმისთვის არ ვიყო ავი
და დავამარცხო მტერი -
საკუთარივე თავი!

***
არ იმალება, ყველა ცნობს, როგორც ცივსა და ცხელს,
სველსა და მშრალსაც ყველა ცნობს, ანდაც  სქელსა და თხელს,
ბოროტი არის თავადაც, თუნდაც ნუ გაამხელს.
ვინც ბოროტებას შესცქერის, მაგრამ არ ანძრევს ხელს.

***
იწველება უხვად, მუდამ  - სხვისი ფური
და ვერავის აძღობს - ნაქურდალი პური.

***
დღე დღევანდელიც გარბის, რომ დროზე გამერმისდეს,
მოვდივართ თითო-თითო, მივდივართ წყება-წყება.
მაინც ასეა თურმე, ყველა თავის გზას მისდევს,
დასაძინებლად ყველა თავის გზაზევე წვება!

***
დედა ბუნებამ იცის ადამიანზე მეტი,
თვით ბრძენთა-ბრძენზე მეტი,
ღვთით ცოდნა მიეცა!
ქარი - ყველასთვის ქრის და
ყველას ასველებს წვიმა,
მზეც ყველასია, ღამით
- ყველას დაჰყურებს  ცა.

***

არ გინდა გერქვას  ჭორიკანა ან კიდევ ბრიყვი?!
- ზურგსუკან სხვაზე ნურაფერს იტყვი.
თუკი  შორსაა, საბოლოოდ შენა ხარ ცოდო,
ვისზეც რას ამბობ, ჯერ გაზომე -
იქ უნდა იყოს, უცებ ხელი რომ გაუწოდო!

***
მასპინძელი ხარ?
გაიხსომე ეს ოქროს წესი,
როდესაც კარზე მოგადგება ღვთის ნაშიერი,
სტუმარი მუდამ დაღლილია,
შეციებული,
რაც მთავარია, სტუმარი არის მუდამ მშიერი!

***
ღმერთო, ძლიერი და მამაცი
მტერი მომეცი,
მომეცი მტერი, მრავლისმნახველი,
რომ თუ დავეცე, 
ქვეყნად  დამრჩეს გმირის სახელი!

***
არ განსაჯო შენი მეგობარი,
მწარე სიტყვა მოდის, მოსისინებს,
დაიცადე, ვიდრე  ორი მთვარე
არ ატარებ მისას მოკასინებს.

***
ინაია წინაპრებს შეერია,
ინაიამ ასე თქმა იცოდა:
-  ცოცხალი გყავს  ერთი მტერი? - ბევრია,
ხოლო ასი მეგობარი - ცოტა!

***
დიად სულს ვერსად  დაემალები,
თუ გინდა, თეთრი ბუმბული იცხე!
ცოდვას მოჰყვება ბევრი წვალება,
როგორც ციებას -  მოჰყვება სიცხე!

***
მშიერს  - არა მოჰკითხო,
მაძღარს - ნუ შესთავაზებ,
მაშვრალს - თუ დაარწყულებ,
ნუ იდარდებ დავაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი