კლდის სახლი. პებლო ქალები


ნინო დარბაისელი

კლდის სახლი. პებლო-ქალები

როგორც ხევსურთა ქალები,
ბოსლებში ჩაკეტილები,
ჩაცუცქვით შობდნენ, მარტონი,
წვალობდნენ ზნეკეთილები,
თვით გამოჰყავდათ შვილები,
მენჯებში გაკვეტილები;
ჭიპლარსაც გაუკვანძავდნენ,
ჭინთვისგან ჯანმიხდილები,
ბნელში, ძროხებში რჩებოდნენ,
ძროხებს ეხვიათ ტილები.
იწმინდებოდნენ ქალები
წესისგან - უწმინდურები.
ენატრებოდათ მარტოკებს
საყვედურები დურები,
კაცები - გარეთ თვრებოდნენ,
ხდებოდნენ ვით დაბდურები!
ლხენით უძგერდათ გულები,
ძის ყოლით გათანგულები,
ვის-ღა ახსოვდა, გონწასულს
ქალები - ნაერთგულები.

პებლოელებიც მათ ჰგვანდნენ,
კანიონს ჩაკარგულები,
ინდიელები ძველები,
ბედისგან მონაგუნები,
სიმინდს, ლობიოს თესავდნენ,
არ ჰქონდათ ხოდაბუნები,
ირგვლივ ტიტვლები დიოდნენ,
ჭრელად ტანმოხატულები,
ნადირიც ბევრი ეხვიათ,
მგელი და მელა-ტურები,
მოაწყდნენ ევროპელების
ცხენები დარახტულები…

გარეთ ცას ჯანყი მოედო,
დაქუფრდნენ ღრუბლის ქულები,
მიწაზე სხედან ავდრულად
ყორნები, არ ძაბუნები,
არც ირგვლივ რამე წყაროა,
აღარც რა სავარგულები,
და მიამბობენ ძველ ამბებს
ტყეები დაბუგულები,
მინდვრები დახრუკულები,
მტერთაგან ნანადგურები…

მტრედო, საიდან მოსულო,
მე რატომ მეგურგურები!
დღეს ხვლიკთა სამოსახლოა
პებლოთა ნასადგურები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი