მარგალიტების ტრიპსტიხი პაოლოსათვის


ინო დარბაისელი

მარგალიტების ტრიპ(ს)ტიხი* პაოლოსათვის

1. დაბინდულები

თუ ხარ ქათამი
და მოგეხვივნენ მარგალიტებით მოთამაშენი
და  სულ მარგალიტს გაყლაპებენ,
ბუნებრივი საკენკის ნაცვლად,
რა გიხარია,
ახლოს მოსულა სიკვდილი შენი.

მათ შენი კუჭის წვენი სჭირდებათ,
მარგალიტები დაბინდვიათ,
უნდათ მჟავაში გააჩერონ,
გახადონ  ისევ გასაყიდად  მოპრიალე- მოკაშკაშენი.

ზარალზე მიდის
უამისოდ მარგალიტთა მთელი  საშენი.

2. ქომაგთა ჰიმნი

“მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება”.
- პაოლოს გარდა,
ვის შეეძლო ასე დაწყება,
საუკუნოა პოეტური ესე უწყება.
შემოეხვია  ჭილ-ყვავების წყება და წყება
და გვერგო - მისი  ქომაგობა-არდავიწყება!

3. პოეტური  კულტივაცია**

არ დაგაბნიოთ
ვინმეს უბირთვო მარგალიტების
ლამაზმა ფერმა.
უპარაზიტო მარგალიტთა
ბევრია ფერმა.

- - -
* ტრიპ( ს) ტიხი - ჩემეული პოეტური თამაშია,  ტერმინში სანი  ჩავსვი და ერთი, პოეტური  წაკითხვით  “სტიხი” ანუ ლექსი გამოდის.
ტრიპტიხი - რაიმე, სამი ნაწილისაგან შემდგარ ქმნილებას ნიშნავს, “სამწყებას”.
ეს ლექსები დაწყობილია სამწყება  მარგალიტის აცმის პრინციპით  - დიდი, საშუალო, მცირე.
** ახალი  ტექნოლოგიით, ფერმაში ხელოვნურად გამოყვანილ მარგალიტს გასაზრდელად 2-დან 7 წლამდე სჭირდება. მისი იდენტიფიცირება  მცოდნისთვის ადვილია, რადგან  სრულყოფილი ფორმა და ფერი კი აქვს, მაგრამ გულში არა აქვს მთავარი - ბირთვი -  რაიმე ნამცეცი, ქვიშა ან პარაზიტი, რომლის ირგვლივაც მერე  ,, შენდება”  სადაფით  მარგალიტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი