დიონისე სირაკუზელის ბალადა
ნინო დარბაისელი დიონისე სირაკუზელის ბალადა მართალია? ტყუილია? ასე ამბობს ეს თქმულება,- დიონისე სირაკუზელს მოუწყვესო შეთქმულება. ეს ის სირაკუზელია, ის ტირანი, ავაზაკებს ღამისას რომ არ იჭერდა, მიქმნიანო წესრიგს ნაქებს, სიბნელეში, შიშით ხალხი თავყრილობას ერიდება, დასაჭერი - სხვაც ბევრი მყავს, დე, ჰქონდეთო ძარცვის ნება! სირაკუზა ისე მართა და სასტიკი იყო ისე, ქვეშევრდომებს ნატვრად ჰქონდათ, ჩამოეგდოთ დიონისე. შეთქმულები დაიჭირა. მათში ორი მეგობარიც და სასჯელი მოუგონა გაუგონარ-უგებარი. ერთს სიცოცხლე მიუსაჯა, მეორეს კი - სიკვდილმისჯილს, ასე უთხრა, შენ - სამი დღით გიშვებ, იყრი ალბათ მის ჯინს, ვინც მეგობრად მიიჩნიე, რადგან საქმეს რომ მორჩები, თუ არ მოხვალ, ამას მოვკლავ, რომ არ დამრჩენენ მე ურჩები. მესამე დღეც დადგა მალე და ჯალათიც მოემზადა, არ გამოჩნდა მეგობარი, იქნებ შერჩა სადმე გზადა? იქნებ გული გაიზადა, გული გადაერაზა და… ბოლო წუთიც მიიწურა, ბედისწერის ბრუნავს ჩარხი, კაცს განწირულს უცქერს ხალხი. აი ისიც, მოდის, მორბის, სულს ვერ ითქვამს, ძირს დაეცა, მთლად სამყარო გადანათდა, გადაიხსნა თითქოს ზეცა! დიონისეც უცქერს, ფიქრობს, ჩამკვდომია სიბრძნე ხელთო, მეგობრული სიყვარულის საიდუმლოს გამიმხელთო? ერთგულება მეც ამგვარი იქნებ სადმე მოვიხელთო, ვერასოდეს დავივიწყებ ამ სახეთ და ამ სახელთო. უთხრა, ორო მეგობარო, მეც - მესამედ მიმიღეთო! ტყუილია? მართალია? ვინ დაეხსნას ეჭვის ჯერებს, სიბრძნეს - შმაგიც დასჯერდება, როცა გული დაიჯერებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი