ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში
#ლექსები ნინო დარბაისელი ასე იტყოდა ემბრიონი დედის წიაღში (ბადრი გუგუშვილის ხსოვნას) იქნებ არცა ღირს მომწიფება და დაბადება?! წვალებ-წვალებით ვიბადებით და პირდაპირ პასუხებში გამოგვახვევენ, პასუხთა ძუძუს გვაწოვებენ, “ჩუო”, ამბობენ, ვითომ ჩვენი სიწყნარე უნდათ, სინამდვილეში სულ პასუხების ხმაურია და ყველას თითქოს გაჩუმებისა ეშინია, და არც არავის, არასოდეს არავის უნდა, ცოტა გვაცადოს, მიმოგვახედოს, არავის უნდა, რომ ვიპოვოთ ის - რაღაც კითხვა, ამ მილიონი, ამ მილიარდი პასუხიდან რომელიღაცას გამოცდილი კუტიურეს შეკერილი პიჯაკივით რომ მოერგება; კითხვა, რომელიც თითქოს ხელის გაწვდენაზეა, კითხვა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომლისთვისაც თითოეული ვიბადებით ამქვეყანაზე. გასვენებისას ისეთი დასცხო, ჩვენ, მეგობრები სასაფლაოზე ავტობუსიდან ვერც კი ჩავედით! 2004
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი