ვენეციური მასკარადები


ნინო დარბაისელი

ვენეციური მასკარადები

ვენეციური მზე-ჩრდილები მომაგონდება,
ქვაფენილებზე,  ღამით ლანდთა შორი გოდება.

მურანოული მინის ცაა, ვენეციური,
ჰანგები ისმის მიწიერი, მერე ზეციური

 “წლის დროებისა”, ჰანგო, დილამდი რად ახმიანდი?
იქ ვიოლათი  ვივალდისა მიმოდის ლანდი.

უთქვამთ ვენაში, “ რაკი მოკვდა, დაისვენაო”, 
არ იძებნება ის საფლავი  და ის ვენაო.

 სულო, შენც გინდა დარჩე ხსოვნად  მერე სიაში?
დაბადება სჯობს თუ სიკვდილი ვენეციაში?

ნიღბებით სავსე ვიტრინები, მასკარადები…
ჩონჩხებიანი მოელიან  მას კარადები,

ვინც  არ იჯერებს, რომ   ორგია -  წარმავალია, 
ორგიის მერე  - გახსენებაც არ მავალია.

გამახსენდება ვენეცია,  შორი სალამი,
გამოყოლილი  წიგნიანი  ლომის ალამი.

და სხვათა უწინ, 
სხვათა უმთავრეს
და სხვათა შორის,
ვენეციაში ნაწვიმარზე სუნია შმორის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი