თამაში თავთან


ნინო დარბაისელი
თამაში თავთან

შენ რომ მცენარე ყოფილიყავი, 
ეს იქნებოდა რამე კაკტუსი,
(მოუხდებოდა რითმად აქ - ტუზი),
ჯერ რომ არასოდეს უყვავილია.

შენ რომ სიმღერა ყოფილიყავი,
ეს იქნებოდა ობლის სიმღერა,
ყველამ რომ მუშტი მას მოუღერა,
მიგდებული  კი მზეს უშვილია.

შენ რომ სასმელი ყოფილიყავი, 
ეს იქნებოდა  -  ორიგინალი ფინლანდია,
სითეთრეში რომ თრობის ლანდია,
სპირტი კი ვერცხლში გაფილტრულია.

შენ რომ ამბავი ყოფილიყავი.
ეს იქნებოდა  ერთი დიდი აბდაუბდობა,
მთავარი გმირი  სხვებისგან რომ არ დაინდობა,
დასასრული კი სიყვარულია.

შენ რომ სავალი ყოფილიყავი,
ეს იქნებოდა არა ბილიკი, ტყედ მიგნებული, 
არამედ ძველი ქვაფენილი,
დღემდე რომ ფეხით გაპოხილია.

შენ რომ სიმდიდრე ყოფილიყავი, 
ეს იქნებოდა წყალი, ჰაერი, სიარული,
დაღლილობისგან - თვალებზე რული,
ღამე კი თეთრად გატეხილია.

შენ რომ ფურცელი ყოფილიყავი,
ეს იქნებოდა აბრა-ფურცელი
და ზედ ნაწერი ერთი, უცვლელი:
“ამ წერტილს იქით აკრძალულია”.

შენ რომ შენობა ყოფილიყავი,
ეს იქნებოდა ქალაქის გულში ქოხი პატარა,
მყიდველები რომ უქმად ატარა,
ბოლოს კი უთხრა “გაყიდულია”.

შენ კი ქალი ხარ, გატეხილი,
რაღა თქმა გინდა, რა სამხილი!
უხმოდ ყვირიხარ, დამეხილი, 
ან ვის რად უნდა ეგ ძახილი:
“ო, თავს უშველეთ, ცა დაძრულია,
ეს დასასრული - დასასრულია!”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი