სენატი და ხალხი რომაელი
ნინო დარბაისელი SPQR - სენატი და ხალხი რომაელი* აქ - ტბა იყო, მერე ამოაშრეს, დინებები კვლავ ტბორავდა ფუძეს. გიდი ამბობს: -დაუკვირდით ამ შრეს, შრეზე შრეა, იმას სხვა შრე უძევს!” აქ ნერონის ნასახლარებს ახლა ემატება ფენად ნასახლარი, ეს არკადა აქ ვინ გაადახლა, გასამიჯნი ვინ გაავლო ლარი! გზა ყოველი - რომისაკენ მიდის, გზას - ბილიკიც უამრავი ერთვის, ლათინური? ენა - კიდით-კიდის? ენა - ბევრი, კვნესის ენა - ერთი! სარდაფებში - სარდაფები - წყლები.. დავიწყებას - გისჯის თუკი კრება, რა აზრი აქვს, როგორ დაიწყები? თუ დასრულდი - შენი ხსოვნაც ქრება. ზეცისაკენ მარმარილოდ მსწრაფი ჯურღმულებად - მე რად მეძალები! სისხლი, სისხლი, ისტორიის ქაფი, ბნელ კუთხეში- მონა-მეძავები. რომს - ქუჩაში ჭამა უყვარს, რადგან მჭიდროა და რომაც დაიხოცონ, შეუძლიათ, ყველგან ქურა დადგან? რა ჩააქრობს გაღვიძებულ კოცონს! სისასტიკე - როგორც სამშვენისი! გუმბათებზე - წარწერათა წყება… რომმა იცის - ხსოვნა მარადისი, მარადისიც - იცის - დავიწყება. ერთგულებიც რომ გეხვიოს გუნდად, თუ არ გინდა, ხვედრი გერგოს ავი, მონა - მონად! ხალხს გართობა უნდა, არ მოაკლო რამე სანახავი! ქვათა შუა - ვიწრო გასაძრომი წინ - სტელები - აზიდული ცადო, ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი - მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო! და წარწერა “ეს-პი-ქიუ-არ “- ისევ იქ მოგელის, უკვე რომ არ ელი, შენ ტურისტო, დარდს ნუ შემოისევ! - - “სენატი და ხალხი რომაელი!” იტყვის ერთად ისევ “ეს ფი ქიუ არს”, და ეს ნიშნავს დასტურს, არა უარს, წამოანთებს გულში განაღუარს ხმა დიადი, მყოფადს გადაუარს! - - - - *ეს აბრევიატურა, რომელიც ბევრგან შეგხვდებათ იტალიაში მოგზაურობისას, ანტიკურობის ნიშანია, რომაული დემოკრატიის ბეჭედი, გადაწყვეტილებას რომ ერთვოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი