მე - უხუნდო და მტრედის ხუნდები
ნინო დარბაისელი მე - უხუნდო და მტრედის ხუნდები ერთმა ნაცნობმა დამირეკა გადაკარგულმა: რომშიც ვიყავი, ფლორენციაშიც, ვენეციაშიც, რა ხვედრიაო! რასაც ამბობდი, იმისი მსგავსი იქ არაფერი შემხვედრიაო; საიდან რას არ მოიგონებო, რა ამბებია, რა საგულე, რა საგონებო! (ეჰ, ქალებო და ეჰ, გოგონებო!) რისი ტიბერი, ან რა არნო, რისი არნოო, რა კარნავალებს დასდევდიო, ან რა აჩრდილებს მიმართავდი, “თქვე მდუმარნოო”, ვის გაურბოდი და ეძახოდი, “შორს, მდევარნოო?” ან მესალინა სად შემოგხვდა, ვიცოდე ნეტა, ან სად იპოვე, რა მონეტა! ასი მონეტა?! ანდა ვესპუჩი სად იხილე შენ სიმონეტა. რა ზღაპრებს ჰყვები, რა ამბებით გაგვაბრუეო, (აქ მიკარნახა ჯორჯო ვაზარმა, “ჩიმაბუეო?!) ო, იტალია, შენ მელანდები, რა ანტალია! ო, იტალია, რეალობა რა მურტალია, ო, იტალია, ქვაფენილებზე მიტანტალია. სულ საუკუნე ნახევარია, გაერთიანდი და დაიყენე დღევანდელი ეს განთიადი, მე კი ძველი ვარ, შენზე ბევრად მე ვარ ბებერი, წარმოსახვისთვის სხვა რა არის შეუძლებელი, ფლორენციაში გავატარე ცხოვრება ადრე, საკადრისიც და უკადრისიც ბევრჯერ ვიკადრე, გზებზე ვიარე, ვნახე ყველა, სწორი თუ ბრუნდი, მაგრამ აქ უცხო არ ვყოფილვარ, იცის ფოკაჩომ, ფოკაჩოს ნატეხს გეფიცები, ვიხილე ცები მე მარადი, ცები უცები! მე ვარ უხუნდო, მოედანზეა დედა-მტრედი და რუხი ხუნდი, ხუნდები, ხუნდი, (გინდა, ამ ნამცეცს გადმოგიგდებ და აღუღუნდი!) ძლივს ვაქშევ მშივრებს, მიხტებიან თეფშში მამაცად, (ცოტა დამაცათ!) აი, სიმარდე ტოსკანიური, აი აბრუნდი, თავს მახვევია შიმშილისაგან გაავებული მე მთელი გუნდი და მეტირება: ბევრი ვიარე, ცოტა ვიარე, მაინც დავბრუნდი, მე დავბრუნდი, მე შინ დავბრუნდი! “რა ხვედრიაო, რასაც ამბობდი, იმისი მსგავსი აქ არაფერი შემხვედრიაო”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი