ვულგატა. მოსე


ნინო დარბაისელი

ვულგატა. მოსე

რა შუაშია მოსესთან რქები,
ჩემო მტანჯველო,
 მარმარილოთი რომ უკვდავჰყავ, მიქელანჯელო?

სად - სინაის მთით  ჩამოსულის გზა - არა-მალი და სხივმდინარე სახე მისი
ნაჭრით ნამალი, 
რომ დაეფარა იმ ნათების
რამ ნატამალი, 
სად კიდევ - რქები,
მთლად ურგები და
რქების გამო არაკები  საუკუნეთა ნარაკრაკები?

ბიბლიის სიტყვა ყველა ენით ცისკენ ადისო…
აი, შეცდომა ვულგატისა სამარადისო:
ვულგატის მთარგმნელს ნათლის ნაცვლად ამოუკითხავს  ორიგინალში - რქები ჰქონდაო,
 ამის წამკითხავს გული როდი დაგიღონდაო, 
ან თავი როდი დაიღალე ვინმესთან დავით, 
ვულგატას ენდე, 
სხვაფრივ მუდამ სხვებთან მედავი,
გეთამამები მონატრული შენი დასავით:
-წიგნში ეწერა, ხომ არ შეცვლიდი შენ წმინდას - ავით?!
კარგია, რქები   არ დაადგი - ქორბუდასავით.
და გააოცე  ნაქანდაკარის დღემდე მხედავი,
კითხვა აწუხებს გაბედული თუ გაუბედავი:
ძეგლს რა ეშველოს, ხომ გასწორდა თარგმანი მცდარი!
(მის დამწუნებელს დე გაუწყდეს უწინამც დარი!)
ვიცი,  იპობა შედევრის ხილვით სულის წყვდიადი,
და მაინც, რარიგ სასტიკია  ზოგჯერ - დიადი,
თან ხომ  რქიანი დაგვიტოვე დღემდე შენ მოსე,
თან - მარმარილო - უკვდავების  ნათლით შემოსე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი