როგორ მოვიყვანოთ წვიმა და თანაც თავსხმა
#ლექსები ნინო დარბაისელი როგორ მოვიყვანოთ წვიმა და თანაც თავსხმა ამისთვის გვინდა ახალი კაბა, გვინდა ძვირფასი “მეიქ აფი” , “მაკიაჟი”, ან მშობლიური ენა გვსურს რაკი, არცთუ ღატაკი, გვჭირდება “გუნდა-ლახუსტაკი”, კიდევ უღრუბლო ცა გვინდა და ძვირფასი ქოლგა, ოღონდ ის ქოლგა, (წარმოსახვაში - შეხედეთ ნარჩევს!) აუცილებლად შინ უნდა დაგვრჩეს! ხოლო ტაქსები არ გვიჩერებდნენ, ჩაქროლებულნი გუბეებიდან გულმოდგინედ გვასხამდნენ ტალახს, ვუცქერდეთ ქუჩას - ვერგადასალახს. ეს განსაცდელი სიმწრისგან ქალის გულმოლიცლიცის - მრავალმაც იცის. და იქნებ ქალიც იქ იწყება, სინამდვილეში იქ იბადება, როცა წვიმაში ქოლგა შინ რჩება, ხოლო დარში კი ტყუილად დააქვს, ვიდრე სადმე დაეკარგება. წვალობ, წვალობ და ვერ იხსენებ, სად გაიარე შინ მომავალმა, სად დადე, ანდა მიაყუდე ან ჩამოკიდე. და არ გიმართლებს არ ერთი კუთხე, არცერთი კიდე, და მიუყვები თანმიმდევრობით, თითქოს-და ცაში - წვიმასა მკიდე, გამეორებულ წარმოსახვათა ხარ გადამკიდე. და იქნებ არა მხოლოდ ქალი, ან ბავშვი ვინმე, გულდარდიანი, ანდა ხსოვნამარადიანი, თვალნამიანი ან ცხოვრების ლაგამიანი, ქოლგით იწყება საზოგადოდ ადამიანი. ასე ვფიქრობდი მთლად გაწუწული, (მელოდა ჩემი უფლისწულის ველოსიპედი?) მე ვერ მივედი. იქნებ ვინმე სხვას ელოდა ჯიპი ან რამე “ვოლგა”, მე - არა! საწყალს სიჩქარეში შინ დამრჩა … ყოჩაღ, რა კარგად გამოიცანით აქ რითმა! - ქოლგა. ძველ ამბავს ვყვები მოცლილი ყბედი, და ახლა ვასკვნი:- რომ აგვაცილოს ფუჭი იმედი, ან განსაცდელის თუნდ მესამედი, ჩვენთვისვე - ასე ირჯება ბედი. მე წარსულიდან დამატყდა თავს ხმა, არა ჟუჟუნა, არამედ თავსხმა. ქოლგით იწყება არ - რიხიანი, მტირალხმიანი? ო. არა - ქოლგით, არამედ წვიმით, წყლით იწყება ადამიანი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი