იობი ანუ აქ მთავარია, სათვალავში მოვიდეს მეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი იობი ანუ აქ მთავარია, სათვალავში მოვიდეს მეტი რამდენი შვილი დაეღუპაო?! რამდენი ცხვარი, რამდენი ჰყავდა საქონელი, ქონება ანდა, რაკი გაუძლო, მოთმინებამ არ უღალატა, თუმცა დაკარგა შენობები და სრა-პალატა, წაჰგვარე ლხენა, ტანჯვად უქმენ სიხალისენი, მოადე სხეულს წყლული, სენი, ლუკმას კი - ობი, გაუძლო რაკი, დაუხურე ტანჯვის ღიობი, და ბრძანე: - კმარა, აღარ დარჩა რამ გასამეტი, ერთგული არის ჩემი - იობი, დე, რაც დაკარგა შვილ-ნამატი, ამიერიდან მიეცეს მეტი! საცაა, ცეცხლი მოედება მერიდიანებს, უფალო, კითხვაც ბიბლიისა - მადარდიანებს, უფალო, იობს შენდამი ერთგულს, შენთვის მარადჟამს გადაგებულს, შენთვის დადაგულს, შენ თუ ასე სჯი, არ დაინდე შენთვის ნატანჯი, ვინ რა მოჰკითხოს ამის მერე ადამიანებს! ნახე, მოძმეებს რა დამართეს, ხელმოსათბობად ცეცხლი დაანთეს, მერე საწვავი ცეცხლს შეუკეთეს! სისხლში ურევენ ხორბალს და ნათესს! დაეთანხმები? იტყვი, ისმოდეს დაე, თან ხმები?- - რაა, დაინგრეს, დაიღუპოს, დავეხმარებით და აღვადგენთ, სახნავს და სათესს, ყოველივეს გავხდით უკეთესს, გასაძლებია დღეს - უდენობა, დღის უთენობა, ისევ ახლიდან აიგება ყველა შენობა, სადაც ქოხია, მომრავლდება ცათამბჯენობა… ვისღა ადარდებს რამ განამეტი, ო, მთავარია, აღდგენილი სათვალავით მოვიდეს მეტი. აქ მთავარია, თვისებას სჯობდეს რაოდენობა, ციფრი საერთო, რას უძლებს გული, ცრემლი ცრემლზე როგორ დაერთო, როდემდე, ღმერთო, აღარ კმარა, ასე გაერთო?! შენ შემოგტირი, ხმა ამოიღე, სადა ხარ, ღმერთო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი