ლოცვა ძაღლისთვის მესამე


ნინო დარბაისელი

ლოცვა ძაღლისთვის მესამე

წმინდაო ქრისტოფორე, წმინდაო ქრისტოფორე,
შენ - უზარმაზარო და სახით - საზარო,
ძაღლისნიღბიანო გმირო სათაყვანო,
გადაღმა ნაპირზე ყრმა ქრისტეს გამყვანო!

მრავალი მგელია დღეს ცხვრისნიღბიანი,
ფარას შერეულნი რამ გამოარჩიოს?
ძაღლს  რა დარჩენია?
ყნოსვას დაენდოს და ფარას დაუაროს.
რადგან მტაცებელი რომაც დაიმალოს,
არ უნდა მისნობა,
ყნოსვით შეიცნობა,
ბევრიც იკიკინოს,
ხმით გამოიცნობა.

ამიტომ არ უყვარს ცხვრის ტყავში გახვეულს -
მეცხვარე  ძაღლები.
ძველები, ახლები;
მისთვის სულერთია,
სად დაესახლები!
მორჩა და გათავდა,
მგელს ნიღბით დაფარულს
არ უყვარს,
არ უყვარს,
არ უყვარს ძაღლები,
ბევრი ძაღლისათვის კბილიც აქვს ნახლები.

წმინდაო ქრისტოფორე,
მგლობას არ მოიშლის, მგელს - გინდა ეფერო,
წმინდაო ქრისტოფორე, ძაღლი დაიფარე!
მგლებთან ნაბრძოლია და სისხლით ნაფერი,
ძვლის გახვრას სჯერდება, რა ლუკმა მეფური!
წმინდაო ქრისტოფორე,
ძაღლი დაიფარე
ხიფათის მგრძნობელი, ღამეში მყეფარი,
მიხედე,
საჩემოდ არ მსურს არაფერი,
წმინდაო ქრისტოფორე,
წმინდაო ქრისტოფორე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი