გალაადელი
დედა რომ ოფიციალური მეძავი გეყოლება, ისიც მოგიკვდება და საკუთარ შვილებზე გადაყოლილი დედინაცვალი სახლიდან მთლად უწილოდ რომ გამოგაგდებს. რომ იწვალებ, იბრძოლებ, ოჯახსაც შექმნი, ერთადერთი ქალიშვილიც რომ შეგეძინება, გეზრდება და ერთ დღესაც უხუცესები გადაგეკიდებიან, მტერი გვჩაგრავს, გვიშველეო; რომ გაგიჭირდება შუა ბრძოლაში და ღმერთს შესთხოვ, ოღონდ ახლა მიშველე, გამამარჯვებინე და შინდაბრუნებულს ვინც პირველი მომეგებება, შენ შემოგწირავო… არ მიკვირს, რომ ეს ბიბლიური ამბავი რენესანსის პერიოდიდან დღემდე იზიდავდა მხატვრებს, ასევე ბიბლიის გამოცემათა ილუსტრატორებს. ახლა გამახსენდა, რომ მეც მქონია მასზე ლექსი და ვიპოვე. ნინო დარბაისელი გალაადელი (ციკლიდან - ეროტიკა ბიბლიაში) ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: შინ თუ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი შემომეგებოს სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს, აღსავლენ მსხვერპლად შევწირავო! - მამა, პირველი შენს დანახვაზე ჩვენი ძაღლი გამოექანა, მე - დავიჭირე, ჩემი ხელით დავაბი და ცეკვა-ცეკვით შემოგეგებე. - ვაიმე, შვილო!- დაიგმინე, ძირს დაცემულმა მიწა ჭამე და ტანისამოსი შემოიხიე, თავზე ნაცარი დაიყარე… არაფერია! თუ უნდა მოვკვდე, მოვკვდე კიდეც! ოღონდ მანამდე ჩემს დობილებთან სადმე, მთაში გამიშვი მარტო! ორი თვით წავალ და ქალწული დაგიბრუნდებით, რათა აღსრულდეს აღთქმა იგი, მამიკო იფთახ! მე მკლავგაშლილი შემოგეგებე, მამიკო იფთახ! მამიკო იფთახ, შენს მხოლოდშობილ ასულს უყვარხარ ისე ძალიან, შესაყვარებლად ვინმე ჭაბუკი, შენი მსგავსი, მამაცი და ღირსეული, გამარჯვებული, სიტყვის პატრონი არ ეგულება. კი, როგორ არა, მომწონებია მეომრები, აბჯარასხმულნი, მედიდურად დაბრუნებულნი, სიყვარული კი, მამაკაცის სიყვარული შორიდანაც არ მიგემია. მსხვერპლი - უნაკლო უნდა იყოს, უზადო და უმიზეზო, სხვანაირი არ ჩაითვლება! შემოგეგებე! დაე, მელოდეს ეს ორი თვე ჭიშკართან ყველა, დაე, დალესონ ლევიტელებმა დასაკლავი იარაღები, რიტუალურად განიწმინდონ, როგორც წესია! დაე, დაენთოს წმინდა ცეცხლი, მანამდე წავალთ დობილები, გამოვიტირებთ ჩემს განწირულ ყმაწვილქალობას, ტამბურინების ხმაზე ვიცეკვებთ თმაგაშლილები, არფის ჟღერაში ვიმღერებთ ერთად, თმებში ჩავაწნავთ იქ ერთმანეთს მინდვრის ყვავილებს, ნაზად შემოვხვევთ მოქნილ მკლავებს, ახალ ნათიბში დავეყრებით დაქანცულები, ვარსკვლავიანი ცის მაცქერალნი, გაყუჩებულნი ჩალა-ბულიან სარეცელებს გავიზიარებთ და დავბრუნდებით. შემოგეგებე! უნდა დაიწვას ეს სხეული, სამსხვერპლო ცეცხლში უნდა დაიწვას, რაც აქამდე უცნაური ვნებით იწვოდა, რომ ღმერთს ეამოს არომატი მისი რჩეული! გეშინიაო?! გულში იმდენჯერ გავიმეორე ჩემი სიკვდილი, უკვე იმდენჯერ განვიცადე წარმოსახულად, რომ შევეჩვიე. ასე მგონია, ვერც კი გავიგებ, კანქვეშ დანა როგორ შემივა. შემოგეგებე! ამ დობილებმა ხმის წასვლამდე უნდა მიტირონ, უნდა ახსოვდეთ ჩვენი საერთო ნეტარების ყოველი წამი, ჩვენი ტკბილ-მწარე, რაც ცხოვრებაში აღარასდროს განმეორდება, უნდა მიტირონ ხმის წასვლამდე, ოღონდაც სადმე, სიმარტოვეში, საძინებლიდან გარეთ გასულებს დაოსებული სახეები არ ეტყობოდეთ! მსხვერპლშეწირვა ხომ ზეიმია, ყველა ხარობს, მოზეიმეებს თვალზე ცრემლი არ შეჰფერით, ღმერთს ეწყინება! შემოგეგებე! ჩემს სამახსოვროდ ყოველ წელიწადს ოთხი დღით რომ ქალწულები შინიდან წავლენ და სადმე, მთაში შეიყრებიან, მე - სახელითაც ვერ მახსენებენ, ხოლო მანამდე კიდევ დროა. მე ჩემს დობილებს და განდობილებს მთაში წავიყვან, მთაში ცივაო ღამ-ღამობით, მზე რომ ჩადისო, თუმც არ ბნელაო, მამის ლანდით იწვის იქ თაღი, ჩემი სახელი - უცნობია სამარადისოდ, მამაჩემი კი იყო იფთახი. ხოლო შენ, ამის წამკითხავო, გაიმეორე სიტყვა “შიბოლეთ!” დე, ყველას ერგოს თავ-თავისი! თავთავისა თქვი, კარგად - ,,შიბოლეთ!” არ თქვა “სიბოლეთ”, და დღესა და ხვალ იორდანეს ფონზედაც გახვალ, ხოლო სანთლებო, ნუ ჩაქრებით, ცისკენ იბოლეთ! - - - * შიბოლეთ - გალაადელნი იორდანეს ფონზე არ ატარებდნენ ადამიანს ამ სიტყვის უთქმელად. საწყისი, შ- ბგერის წარმოთქმა მტერს არ შეეძლო. (ილუსტრაციად- რაც უცებ შემხვდა, იმას ვდებ. უკეთესი - უამრავია).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი