შინაგანი ხმა. ანიკი ბაბო” და “ზიარჭურჭელი”


მე ხომ ჩემს ძველ ლექსებს ვერ ვიმახსო ებ, არა?
ეტყობა, ძალიან მწარედ მქონია ბებიაჩემი ანიკოსაგან ჩარჩენილი, სულ რომ  მსაყვედურობდა - ,,სადმე რომ წაგიყვან, ნუ მარცხვენ! ნაზად გაიღიმე, მაგ სავაშლე კბილებს ერთიანად ნუ გადმოყრი ხოლმეო”, ორი ლექსი მაქვს მასზე და ორივეში ეგ მწერებია.😁
     რა ჩემი ბრალი იყო, სარძევეები რომ მოვიცვალე,  თუ მაშინდელ მასშტაბებთან შედარებით უზარმაზარი კბილები ამომივიდა, მომუწულ პირში არ მეტეოდა და მას თუ ეს -  დიდ უზრდელობად და მდა ბიოობად მიაჩნდა. აგერ, ამერიკაში სულ არა მაქვს ეგ კომპლექსი,  სულ დაკრეჭილი ვარ.
ბავშვებს აქ საბავშვო ბაღიდან ასწავლიან ფართოდ დაღებული პირით გაღიმებას..
ეჰ…

ნინო დარბაისელი

შინაგანი ხმა. ანიკო ბაბო

წვიმს,
აწვიმს ეზოებს,
პარმაღებს,
ამ სახლებს, ამ ქუჩებს, ამ ბაღებს,
სარეცხი ვერაფრით გავაშრე,
წარსულის გადავშლი მრავალ შრეს.

გამოჩნდი შენ, განაწბილები:
“- ნეტავი ასე რა გალაღებს!
ასე არ შეჰფერის იმ ნაღებს,
მცინარი - პირს ოდნავ  გააღებს,
დაფარე  სავაშლე კბილები!”

კადრები თან მუდამ მახლავან,
ძველ მოგონებებზე დავები,
მიყვარხარ და თან გედავები:
“-ფეხი შეატყუპე ახლავე,
დაფარე ეგ მუხლის თავები!

სად არის შენი მანერები,
უზრდელებს ებედნიერები.
რა ჭირი დაგეცა, რა დამბლა!
სტუმრად ხარ, ხმას ვეღარ ერევი?
- სიტყვა თქვი ყველაზე ხმადაბლა!

თეფშს როგორ ქორივით დააცხრი,
კისერი - ამაყად! არც დახრი!
ვერ მიხვდეს კაცი- ნაშიერი,
ერთი თვის რომ იყო მშიერი,
ნაყროვნად გეჭიროს იერი!”…

ფიქრი - გაწეწილი - დაწანი
და თვალწინ დამიდგა რა წამი:
“ბეჭებში გასწორდი!” - (ლაწანი)
ნაბიჯი რა იყო, ბეჭი - რა,
თავი მედიდურად  გეჭირა,
დაქვრივდი და  ჭირი გეჭირა,
“- ფაშისტებს გაუწყდეთ გამჩენი,
არ შერჩეთ ამ ქვეყნად დამრჩენი,
ფაშისტებს  ხელები მოახმეთ!”,
სხვის კარზე იდექი მოახლედ.
სიუხვე  - მიგაჩნდა სიახლედ.
“- მიხედეთ, იქ, ხელი რომ ახლეთ!
აქედან  სულ გადამასახლეთ?!”

რა ვუყოთ, 
ბებია მინდოდა
სხვებივით სათნო, უბინდო და
სხვებივით უსაზღვროდ კეთილი,
სახება - ცით გამოკვეთილი…
ვიყავი შიშისაგან კვეთილი.
ვერ  გავძლებ  ტანთშემოფლეთილი,
თუნდ იყოს მოდის დაკვეთილი,
თან დამდევს შენი ხმა,
თუმც ყოფა გადახმა,
სულ მახსოვს შენი გაკვეთილი!

სიკვდილის წინ როგორ დადექი
ხუჭუჭა და  წარმოსადეგი,
მორწმუნე და ყოფით ნაწამი,
ამა ცხოვრებისა რა ცანი,
იქ შემოგეგებნენ რა ცანი,
საშენო დაგიხვდა რა ბექი?
ფიქრი - გაწეწილი - დაწანი.
ჩემთან ხარ და მაკრთობს  რა წამი!-
“- ბეჭებში გასწორდი!” -
ლაწანი.

ზიარჭურჭელი 

წუხელ ჩემი მეგობარი ლიკა ყიფშიძე ფეისბუქზე წერდა, ბებიის დაზრდილი შვილიშვილები თავისებურად თამამები არიანო. იქ კომენტარის წერას შევყევი საკუთარ მაგალითზე და რომ მოვილიე, გამახსენდა. რომ სწორედ ამ თემაზე ძველად ლექსიც მქონდა. 
ვერ მივაგენი.
ახლა ვიპოვე.
ჯერ კომენტარს ვდებ, შემდგომ ლექსს.

“მე ვარ ჯერ ერთი და მერე - მეორე ბებიის გაზრდილი, დედაჩვენს უფროს დად აღვიქვამდით და-ძმანი.
დაბადებიდან მეშვიდე კლასამდე მთლიანად მამის დედამ გამზარდა და მანერებს, რეჟიმს, მკაცრ თვითდისციპლინას, საოჯახო საქმიანობას, მომჭირნეობას, სამართლიანობას დამაჩვია.
ამის მერე
დედის დედამ დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი - არაფერია, მთავარია შინაგანად იყო თავისუფალი და თავი არ დახარჯო გარეგან რაღაცეებზე, გემრიელად, ის და იმდენი ჭამო, რაც გაგიხარდება და ადამიანები ისე გიყვარდეს, შენკენ მოუხაროდეთ და ასეთი რამეები.
სამართლიანობას რაც შეეხება, არც ეს მიაჩნდა მნიშვნელოვნად.
ადამიანები ცოდოები არიან, მკაცრად არ უნდა მიუდგე, უფრო მოწყალებით სჯობიაო.
დღეს იყავი ბედნიერი და ეცადე, შენი ბედნიერება და ხალისი რაც შეიძლება ბევრს გააწვდინო ირგვლივო, ხვალისთვის არაფერი შეინახო, იქნებ არც გათენდესო.
    პირველი ბებია წასაკითხ წიგნებს დიდი სიფრთხილით გვირჩევდა, წაკითხვის დროს და ფურცლების რაოდენობას მკაცრად გვაცვევინებდა,
  მეორე ბებიამ ყველაფერზე მიგვიშვა, გინდა დაიძინეთ, გინდა არ დაიძინოთ; გინდა შემოდით, გინდა გადით;
სკოლაში წასვლა გინდათ? წადით!
არ გინდათ? ნუ წახვალთ!
გინდა დეკამერონი იკითხეთ, გინდათ “ნიანგის” ბიბლიოთეკის გამოცემები, თუ გინდათ, სულ ნურაფერს წაიკითხავთ, ცოტა ხანში მიხვდებით, რა გირჩევნიათო.
პირველი ბებია ყველასთან სათამაშოდ არ გვიშვებდა, მეშვიდე თაობამდე ყველაფერს დააზუსტებდა ხოლმე,
მეორე ბებიას უსტუმრებოდ არსებობა, უბრალოდ, არ შეეძლო და ცა ეხსნებოდა, ჩვენი ამხანაგები რომ მოდიოდნენ.
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომელი ბებია გვერჩია.
ხოლო რა შედეგს იძლევა ასეთ ორ, რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ბავშვის აღზრდა, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ და დაასკვნათ.”

ნინო დარბაისელი

ზიარჭურჭელი
- - - -

კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება.
მე კი ორი ბებია მყავდა,
ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.

პირველი:
,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება,
ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს!
მუხლი დაფარე,
მხრებში გასწორდი,
ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად,
თუ გეცინება, გაიღიმე!
შუბლშეჭმუხნული
დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა,
ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა:
,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს,
თავისი დრო,
დაიმახსოვრეთ,
ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!

ხანდახან,
თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა,
რაღაც,
სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა.
,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“-
- იტყოდა ხოლმე
და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს,
ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა
,,მერმისამდროსი’’!

(გვიან გავიგე,
მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის,
დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).

გამართობელი, - დედის დედა,
ზაფხულის ბაბო,
პომადიანი,
,,დადუხული’’ ,
როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო.
სახლი რომ ძაან აერეოდა,
მეზობლის ქალებს მოიხმობდა,
თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა
კოტიტა თითებს
ან წიგნით ხელში
სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა.
გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა:
,,- გეყოფათ ახლა,
ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’
ტახტზე მიწოლილს
კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.

არკი იმჩნევდნენ,
მაგრამ ვგრძნობდით,
სინამდვილეში,
ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
როცა ტოლები გულს მატკენდნენ,
ის, მკაცრი ბაბო
ხმაში ტყვიას ჩაისხამდა:
,, - მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო,
ერთი ჩაგარტყა?!
ისეთი ხურდა დაუბრუნე,
აღარ მოუნდეს!’’

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
მეორე ბაბო:
,,- რა მოხდა, მერე,
თამაშია,
ხან შენ ატკენ,
ხან - შენ გატკენენ.
მოიწმინდე აწი ცრემლები,
გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.

ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის!
კარედებიან ამ სარკეში,
საუკუნეა, არ ჩამიხედავს:
ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი,
ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები,
ხასიათი - ზიარჭურჭელი.
(ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)

ჩვენ სიკვდილამდე
უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ:
მეც,
თქვენც,
ყველანი.

როცა არ ვიცი,
როგორ მოვიქცე,
გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:

,, რა მოხდა, მერე...
...მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო!“

სარკეში -
- ნინო მოქსუტუნე -
- ლოყებს იწმენდს და იღიმება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი