დუელი (როსტომ ჩხეიძეს)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

დუელი
(როსტომ ჩხეიძეს)

მიეცით პოეტს ნება, დარჩეს ადამიანად,
ნუ არგებთ სქემებს, რაკი შექმნა შედევრი იგი.
ცხოვრება - სხვათა წესით - მისთვის   სანდომია რად?
რატომ დაიცვას სასურველი სხვისთვის წესრიგი, 
მაგრამ რა გზაა, თუ კანონობს ქვეყნად  - კანონი!
არ დაელევა კანონს კაცთა  საკანკალონი.

როგორ გამოდის,  გსურდეს ბედი ხელთ აიტატო, 
 თან ყოფას ერგო, კნეინებმა თქვან, “აი, ტატო!”
ანუ პოეტი   შავი ბედის  გამო რომ ჩივი 
 საზღვრისკენ მქროლი, თან მორჩილი იყო მორჩივით.

ამბობენ,  თურმე ჩვენს ნიკოლოზს უყვარდა ჯახი,
და არა მხოლოდ სასეირნო იგი ყაბახი.
დისკომიბნედილ მთვარეს როდი ასცქერდა  მარად, 
 ცხოვრება  სურდა მას გრძნობათა გზაშესაყარად,
წვერს ეწვდებოდა,  არ სურდა ხილი მას ძირნაყარად.
ამასობაში ბედისწერა გაუხდა ყარად.

 თავადი იყო, არა ვინმე ქოხელ-ღრუელი,
 მწარედ მოხუმრე, ბასრი, ნაღდი პანტაგრუელი, 
ასეთისაგან - გამოსაცნობ ქცევას -  ნუ ელი!
 მერანს უწერდა?!   ჯერ მოუწყო ბიძას დუელი.

პოეტის ტანჯვა  თუ ზოგისათვის - მხოლოდ ჰობია,
მას   - ყოფა  თვისი, გაუვალი, თავს დამხობია.
როსტომისავით ჩვენში პოეტს ვინ
მიმხრობია,
ეს ყველაფერი  სულ იმისი მონათხრობია…

 ილიკოს როცა საბოლოოდ აჭამა შიში,
 შედგა დუელი, დამიზნებით თოფიც გავარდა,
ტატო “ნასროლზე” ძირს დავარდა,  რაწამს მივარდა
რა ვქენიო, როგორ მიყვარდა
ან ძე დისწული ვინ მივისო მე,  ტატოს გარდა! 
შეირხა ტატო,    მოთამაშის გაცოცხლდა  ჯიში,
 (ასეთი იყო, ცელქობაშიც არავის ჰგავდა):
ფრთხილად! მცვივაო,  აქ, ჯიბეში მიდევს ქიშმიში - 
ეს ხომ ნამდვილად შამათია, აბა, რის ქიში!
 საკმარისია,
მორჩა სცენა, 
დაუშვით ფარდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი