მე - პაციფისტი, კიდევ და კიდევ


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მე -  პაციფისტი, კიდევ და კიდევ!

ომი - ომია!
ომში მინიმუმ მხარეა ორი, 
ორივე მხარეს  ემსახურება მკაცრი ცენზორი,
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ბულბულია, 
 ებრძვის ყორანი, სვავი,  ქორი - 
ის -  აგრესორი,
სხვისი რუპორი,
 და უსამართლოდ დაადეს ტორი,
მეორე მხარეს  - არის ნამდვილი მოროდიორი,
სასტიკი, 
მკვლელი, 
ტერორისტი,
დაუნდობელი, 
 არ განირჩევა მისგან უცხო და ახლობელი…

თვითონ?!
- სამართალს იცავს ბრძოლით,
ღვთის მადლობელი.
თვითონ?
- ჯარისკაცს აქორწინებს შუა ბრძოლაში,
თითქოს  უკეთეს დროს ვერ ნახავს მფრინავი - რაში,
თვითონ?
 - მამაცებს ვეღარ ატევს პროზექტურაში.
თვითონ?
 - ბავშვები - ყვავილებით ეგებებიან,
და მოხუცები მოსაკითხით ზედ ატკბებიან,
თვითონ?!
- მშვიდობა მიზნადაა აქვს,
 იბრძვის  ნიადაგ,
  ომში ორივე მხარე ამით ერთურთს  მიაგავს,
 თავისას - გმირს და  მტრის დაღუპულს - უწოდებს ნაგავს.
 არწმუნებს ყველას,
მთელ დასაკარგს, სულ მტერი კარგავს
თვალცრემლიანი გადასცქერის ნათესს და ნარგავს.


ომი - ომია!
გამჩაღებლები?! -  თავს იცავენ,
ხეირს იმკიან.
 ფრონტზე და ზურგში - სიკვდილია, 
 და ბრძოლაში  - ძრწოლის პიკია,
დაბლა და დაბლა
სიცოცხლის ფასი მთლად კაპიკია..

ცრემლი მიმრავლდა,
არ მელევა ხილვა- ჩვენება.
 მინდა ვთქვა, ომის მდომს არ ასცდეს რამ შეჩვენება,
  უსასრულოა ომთა გამო ნგრევა-შენება
და კაცთა მოდგმას წინ მიუძღვის  არა მშვენება,
არამედ  ავი და ბოროტი -  გარეშე ნება.
და მე ვერ ვხედავ
აქ სადაა გზა-გასავალი,
 არავინ იცის ამ ჩიხიდან გამოსავალი,
 და მე არ ვიცი,  
ვინ მოჰგვაროს  განწირულს შვება,
მართლა არ ვიცი, 
ამ  სამყაროს რა ეშველება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი