ლილისი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ლილისი

აი, სიბრძნე ლილისი, მახსოვს იმ ცოდვილისი:
მასზე ფიქრით მეწყება ეს მხურვალე ივლისი:

მიწის ზემოთ,  თუ მოკვდი,  ვინ დაგტოვებს? არავინ,
გინდა იყო ბერი და გინდა იყო მპარავი.
რაა გაუგებარი, რაა დასაფარავი?
შენ გგონია- შენია, მე მგონია - ჩემია,
დაიხსომე, ერთი დრო არავის შერჩენია!
სულ სხვადასხვა არხებით -
ყველა დავიმარხებით.
ყოფის დიდი სიბრძნეა უკვე  გამოვლენილი.
მიწის ზემოთ დაგტოვონ? შენ ვინა ხარ? ლენინი?
ფიქრობ,  კართან სამოთხის - სუფთა ფეხის ტილოა?
რაც არავის უნახავს,  გწამდეს  - სასაცილოა!
ჯოჯოხეთი მოგველის?! - ეს იწილ-ბიწილოა!
.
კუპრის ქვაბში არ მოგწონს  თავი ნამუთაქარი?!
აა,  სამოთხეს მოელი?! იყოს, შენს პირს - შაქარი!
ჯოჯოხეთიც სამოთხეც, - რა შორს ეძებ, აქ არი,
სცადე, ძირს არ დაეცე, როგორც ხილი ნაქარი!
მოელოდე სხვა რამეს, მართლა სასაცილოა.
სულ გახსოვდეს, სიცოცხლე -  მართლა სასიკვდილოა!

ღამით მოკვდა, ცოცხალს რომ ბევრიც მოუხიბლია,
იწვა ტანგაგალეული, როგორც ჩიტი ნიბლია,
მარმაშიან ბალიშზე ედო მხოლოდ ბიბლია.

ნეტა რამ გამახსენა  ეს ამბავი ნამდვილი,
მეტირება ლილიზე,  რა ვქნა, რა მჭირს?  თან დილით!
რა წმინდანი ის იყო, ჩიხტიკოპით, მანდილით!
ბოლოს მე ავუსრულე ისევ გულის წადილი,
ქელეხისთვის დავუდგი კორკოტი და წანდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი