ფიქრი დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე
#ლექსები ნინო დარბაისელი ფიქრი დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე გარეთ ისევ ქარია, ჭყაპია და მარტია, მაგიდაზე - ჩაია, ხილიანი ტარტია, ღვინო - არ დაილევა, მწკლარტეა თუ მწკლარტია. ფონად მაინც რა ისმის?! - ძველია, მოცარტია. ხელოვნება მოკვდაო, დიზაინი - არტია, არტისტობას იჩემებს, სადაც ვინმე სმარტია. დაიწუნებ ვერაფრით, სტანდარტული სტარტია, მადა მოდის ჭამაში, ისეთი აზარტია. რა დროს - კვდომა ავტორის, რაღა დროის ბარტია! შეშლილია მსოფლიო - ყველა ბონაპარტია! ნინო - არც ქართველია და არც ემიგრანტია, აყვედრიან, გმოსავსო შენ მენტორის მანტია. რა მწარე ნათქვამია, რა ბასრი ნისკარტია, ამის მთქმელი, იცოდეთ, თვითონ - კაი ბღარტია, მორს ვერ ხედავს თავისას, სხვის ხიწვს?! - ოჰო, სხარტია! შენთვის რაც სიცოცხლეა, მისთვის - ვარიანტია. დანტეს თქმისა არ იყოს, ვუკილივარ ავ ენას, ფლორენციის ნატრული მარტო შევრჩი - რავენას. სიკვდილია სიცოცხლის ბოლო დანარეკიო, დაგრჩეს ჩემი ნიღაბი, შენ - პალაცო ვეკიო!* პოლიტიკაც თან მომყვეს, ვის რად უნდა ქარტია!… ხომ არ შევქმნა ნეტა მეც “საკუთარი პარტია”**? - - - * ფლორენციაში, “პალაცო ვეკიოში” დანტეს სიკვდილისშემდგომი ნიღაბია. ** “სიმარტოვეში საკუთარი პარტია შევქმენი” - დანტე ალიგიერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი